თბილისის საქალაქო სასამართლოსათან, სადაც წუხელ დაკავებული „სირცხვილიას“ 3 აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.
„მორიგი სამარცხვინო პროცესი მიმდინარეობს ამ სამარცხვინო შენობაში, სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში. ადამიანებს არაფრის გამმო იჭერენ, არაფრის გამო ასამართლებენ. ის რაც გუშინ ვაიპოლიციელებმა იკადრეს – ჩვენი მეგობარი, გაკოჭილი ადამიანი გადმოიყვანეს მანქანიდან და ეზოში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იძახიან, შეშა საშიშიაო“, – აცხადებს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი გიგა მაქარაშვილი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ „სირცხვილიას“ 3 აქტივისტი – ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 4 პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა Facebook-ზე 9 ნოემბერს დაწერა, რომ „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის საქმეზე დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე.