„სირცხვილის კორიდორები” პარლამენტთან – ოპოზიციის აქცია დაიწყო

პუბლიკა

პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია „სირცხვილის კორიდორები“ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები წარწერებით – „სირცხვილია!“ და „შეცვალე!“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე დგანან და შეძახილებითა და სტვენით ხვდებიან დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის ეზოში მანქანებით შედიან.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.

„გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა კავშირის დროშა დაწვა.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  საბჭოთა კავშირის პოლიტიკას ატარებენ.

„ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და კომუნისტურ მმართველობას ქვეყანაში. რაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა. ჩვენ უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან ძალაუფლების მისაკუთრების მცდელობა და ამის საუკეთესო შესაძლებლობააა პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ,“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.