სისხლის დონაციის აქციაში ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლობა მცირე იყო - ხუნდაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მათ გააკეთეს სისხლის ჩაბარების აქცია და მიმართეს როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციონერ დეპუტატებს, თუმცა აქციაში მონაწილეობა ოპოზიციის ძალიან ცოტა დეპუტატმა მიიღო.

„ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლობა დონაციის აქციაში იყო ძალიან მცირე, ერთი ხელის თითების ჩამონათვალიც ეყოფა. მიზეზი შეიძლება იყოს, არ ვიცი, მგონი ამ მიზეზით ერთ ხელზე ჩამოსათვლელ დეპუტატებზე მეტი ჯანმრთელი დეპუტატი მაინც უნდა იყოს პარლამენტში, ეს ჩემი სურვილიცაა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძეს სიტყვა შეაწყვეტინა პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და მიმართა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით, დეპუტატებს პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისკენ უბიძგებდა.

„თქვენ ახლა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას რომ აიძულებთ ადამიანებს, ხვდებით? ჩვენ ინდივიდუალურად უნდა ვისაუბროთ, ვინ რატომ არ ჩააბარა სისხლი? ეს დარღვევა არ არის? ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ადამიანებმა და განმარტონ, ვინ რატომ ვერ ჩააბარა სისხლი? ეს რამეში წერია საერთოდ?“- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ადამიანების ნაწილს შეიძლება ჯანმრთელობა არ უწყობდეს ხელს მსგავს აქციაში მონაწილეობისთვის და ხუნდაძის განცხადება არაეთიკური იყო.

„ბატონო დიმიტრი თქვენ სამედიცინო ეთიკა დაარღვიეთ. მოგეხსენებათ, ადამიანების ნაწილს არ უწყობს ხელს ჯანმრთელობა, ჩააბაროს სისხლი, ეს არის არაეთიკური, როცა თქვენ კოლეგები დაყავით ოპოზიციად და არაოპოზიციათ და ახლა ოპოზიციონერი კოლეგები ეჭვმიტანილები არიან, რომ არ ჩააბარეს სისხლი“, – მიმართა ხუნდაძეს ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძემ კი განაცხადა, რომ სისხლის ჩაბარებასთან ერთად მათი ინიციატივით სხვა აქციაც წამოიწყეს, რომ დეპუტატებმა თავიანთი დანაზოგით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნონ.

„ასევე იყო შემოთავაზება, ახლაც არის და შეგიძლიათ ჩაერთოთ, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, საკუთარი დანაზოგიდან ჩაერთოთ და გაიღოთ თანხა იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები თუ სხვა საჭირო საშუალებები, შევიძინოთ და გავაგზავნოთ ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.