საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წელს კი 50 537 ადამიანი.
გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37%, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8%) და სიმსივნეები (12.8%).
საქსტატის ცნობით, ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები (COVID-19).