სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, პროკურატურა გამოიძიებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება. ცვლილება 20 კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობა.

ცვლილებებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა, კანონპროექტის მიხედვით, გადავა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ.

„სამართლებრივი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა უფრო მეტად ამაღლდეს გამოძიების ხარისხი დანაშაულთა სამომავლო პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს პროკურატურას.

ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტით აღმოიფხვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება.

კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული. დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სამართლებრივი სტატუსი უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის უზენაეს კანონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ კომპეტენციებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. ამგვარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გამოძიების განხორციელება.

თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ქმნის მყარ საფუძველს მის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით განისაზღვრება მთავრობის ვალდებულება სამსახურის ლიკვიდაციის უზრუნველყოფასთან, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

კანონპროექტის ავტორები არიან „ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა, რასაც საფუძვლად ედო „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.

აქციების პერიოდში 300-ზე მეტ ადამიანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ფიზიკურად სასტიკად იძალადეს. აქციის ბევრ მონაწილეს ჰქონდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანება, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი დამნაშავე პოლიციელი არ დაუსჯია.

10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა – განცხადების თანახმად, ის პასუხისმგებელი იყო გამოეძიებინა ისეთი შემთხვევები, რაც უტოლდება ადამიანების სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა მან განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა.