სისხლის სამართლის წესით 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს

პუბლიკა

დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 20 წლის ლუკა ჯაბუა. ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

ჯაბუა დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

„დღეს დილით დააკავეს სახლში. ედავებიან 225-ე მუხლის პირველ ნაწილს, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმიტომ, რომ საქმის მასალები არ მაქვს გადმოცემული, ზეპირსიტყვიერად რაც ვიცი გამომძიებლისგან. […] ტელეფონი არის ამოღებული, სავარაუდოდ ჩატარდა პირადი ჩხრეკა და ამის საფუძველზე ამოიღეს ტელეფონი, დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს“, – ამბობს ადვოკატი.

225-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.