სისტემა პირისპირ შეეჩეხა თავმოყვარე მთისპირა კოლხ ადამიანს - ხარჩილავა

პუბლიკა

„ჩემთვის, პირადად, გარწმუნებთ, ეს ბრძოლა არ იყო პოსტისთვის, მერობისთვის ბრძოლა. ეს გახლდათ დიდი ბრძოლა ადგილზე ცვლილებებისთვის. ჩვენ თავიდანვე მოვდიოდით კოალიციის იდეით და ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავით ოპოზიციის ფლანგზე კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისა, რაც ნათელ მომავალს, ნათელ სხივს გამოაჩენდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, ვინც არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა.

„ტელეკომპანია პირველთან“ გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ ოლიგარქიამ პოლიტიკურ სივრცეში ადამიანის ადგილი არ დატოვა. მისი განცხადებით, ამომრჩეველთან კოალიციური მთავრობის ნათელი იდეით მივიდნენ, რაც ხალხმა გაიაზრა, გამოავლინა პოლიტიკური კულტურა და ნება დაუპირისპირა სისტემას.

„სისტემამ გადააჭარბა ძალადობაში, რეპრესიებსა და პირისპირ შეეჩეხა თავმოყვარე მთისპირა კოლხ ადამიანს, მოქალაქეს, რომლის სამოქალაქო ღირსება უფრო მაღლა დადგა, ვიდრე აგრესია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, წალენჯიხა თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმის ავანგარდში იქნება.

„წალენჯიხა ავანგარდშიც იქნება არა მხოლოდ ადგილებზე თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმების, არამედ სრულიად გადაერთვება ზოგადსაერთო ქართულ ბრძოლაში, რასაც გამარჯვება ჰქვია, დემოკრატიული პროცესების ბიძგი, იმედის ჩასახვა, რადგან წალენჯიხამ ანახა ნათელი მაგალითი, რომ გამარჯვება შესაძლებელია“, – განაცხადა მან.