სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა - ხოშტარია

პუბლიკა

„საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია, „თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა”.

„მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე. ის არის ერთი მხრივ, ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი „დამსახურება” ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.

ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით. ხორავას საქმეზე საქმის გამრუდების გამო მოუწიათ შოთაძის გადაყენება, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე – ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს.

ჯარჯი წიკლაური – არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამას მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არათუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, მონაწილეც იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გამოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.

მიხეილ სადრაძე – მან აღძრა კარტოგრაფების საქმე. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და ჩართული იყო ამ რუსულ სპეცოპერაციაში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.

ამირან გულუაშვილი – ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. რუსთავი 2-ის, ნიკა გვარამიას, კარტოგრაფების, ნიკა მელიას საქმის პროკურორი – პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.

რევაზ ბაღაშვილი – საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ჰყავს ღირსებული ბიზნესმენები, მოსამართლეები, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც არის დღეს ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს”, – თქვა ხოშტარიამ.