სიტუაცია ძალიან დამძიმდა, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს - ედუარდ სააკაშვილი

პუბლიკა

ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა – ედუარდ სააკაშვილმა, სანდრა რულოვსმა და გიული ალასანიამ ევროპარლამენტარებთან ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

ევროპარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ სააკაშვილი გადარჩება, ამისთვის კი საჭიროა, მიეცეს მას საშუალება, საზღვარგარეთ იმკურნალოს.

„მე არ ვარ მიჩვეული საჯაროდ საუბარს. მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარია. არ მაქვს საშუალება, რომ ვნახო მამაჩემი, მაგრამ როცა მქონია ამისი საშუალება, ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავ, ვხვდები, რომ ის უარესად არის, ავადაა. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება და ჩვენ, ოჯახის წევრები ვართ ძალიან შეშფოთებულები და ვნერვიულობთ ამაზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის უკვე 6 თვეა საავადმყოფოშია, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იღებს სათანადო ყურადღებას და მისი მდგომარეობა უარესდება.

ჩვენ მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვგრძნობთ. თუმცა სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვეშინია, რომ რაიმე საშინელება არ დაემართოს მას. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე დროს გამოვძებნოთ გამოსავალი. გამოსავალი კი ძალიან მარტივია, როგორც იურიდიულად, ისე მორალურად. გამოსავალია, რომ მიეცეს მას საშუალება, იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროპაში ჩვენი მეგობრებისგან. მაგრამ სიტუაცია ნამდვილად ძალიან მძიმეა და რაღაც უნდა შეიცვალოს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენთვის არ არის ნათელი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება, მამაჩემის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს. მე იმედი მაქვს, რომ მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვლება“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].