სიტუაცია ნამდვილად არის მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით - ლომჯარია სააკაშვილზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი განიხილავს მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესში. მათ შორის, სასამართლო მეგობრის სტატუსით.

ამ მიზნით დღეს, 4 დეკემბერს სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმმა კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას და იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ ან გვქონდეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროდ ჩავთვალე, რომ [მოგვენახულებინა].

თუ არ ვცდები, შემდეგ კვირაში ჩაინიშნა პროცესი, ამიტომ სავარაუდოდ, მანამდე მოგვიწევს მომზადება ამიტომ საჭირო გახდა თავად ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავისი თვალით ენახათ და შეეფასებინათ. თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული, მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში”  მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ნინო ლომჯარიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც მოინახულეს.