სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

პუბლიკა

დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში გაგზავნეს რამდენიმე წერილი, რომლითაც მოითხოვდნენ ციხეში შესვლას და 20 ივნისთან დაკავშირებული პატიმრების მონახულებას, თუმცა ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხიც არ მიუღია. ამ თემის განხილვას სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ფურცლები დაუხია.

„აქ არის წერილი ოთო კახიძის, ელენე ხოშტარიას, ზურა ჭიაბერაშვილის, ჩემი, გიგა ბოკერიასი, ეს არის არა ჩვენი პრივილეგია, რომ მივიდეთ ან არ მივიდეთ, ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ვაწარმოოთ მონიტორინგი იმ ადამიანებზე. იმავე გიორგი რურუასათან დაკავშირებით მოვითხოვეთ შესვლა და არც გვიპასუხეთ. ეს არის შემაშფოთებელი. ამ წლების განმავლობაში 2012 წლიდან არაერთი პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილა და არც ერთ მათგანს ყველაზე უფრო მწვავე სიტუაციებშიც კი არ უკადრებია ის, რომ ამ შემთხვევაში დაეშალა. ეს არის შემაშფოთებელი. აგვიხსენით, რატომ გააკეთეთ და როდის შეგვიშვებთ“, – მიმართა სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

ციხეში შესვლასა და პატიმრების მონახულებასთან დაკავშირებით თალაკვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამაც მიმართა და თქვა, რომ პარლამენტი გახდა „მონათა ბაზარი“, სწორედ ამიტომაც არის ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში.

„მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. პარლამენტი კი არ არის, მონათა ბაზარია, მართლა. იმიტომ არ შემოვდივართ პარლამენტში და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით, მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა. აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენი უფლებით ვისარგებლოთ და ივანიშვილის რეჟიმის პატიმრები მოვინახულოთ. აქ ბორკილებს რომ ათამაშებთ, ბატონო არჩილ და შოუებს დგამთ, იცით რა უნდა გააკეთოთ? ციხეში უნდა შეგვიშვათ.

ქალბატონი სოფიო აქ რომ ზის ხოლმე და დღეს წაბრძანდა ციხეში, 6 თვე რატომ არ დაინტერესდა პოლიტპატიმრების ბედით? რატომ არ შემოუშვეს ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედები? რატომ გვეჯიკავნენ სუს-ის წარმომადგენლების დავალებით რიგითები, სამ ქალს, ყავარჯნიან ქალს და დედას და არ გვიშვებდნენ პარლამენტში?“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს.

სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გადავებულებზე ისაუბრა:

„აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ დაკავებულზე მიმდინარეობს ზეწოლა. დღეს ადვოკატი საუბრობდა იმაზე, რომ 2 თუ 3 პირი შევიდა მასთან საკანში და ზეწოლას ახორციელებდა, რომ მას მიეცა ჩვენება. მეორე შემთხვევაში ოპერაციაა გაკეთებული, მშობლები ნერვიულობენ. დღეს მშობლებს არ უშვებდით პარლამენტში, ძლივს მივაღწიეთ იმას რომ სოფო კილაძეს შეხვედროდნენ. ჩვენი ნდობა თქვენს მიმართ და საზოგადოების ნდობა არის ნულის ტოლი. აუცილებელია რომ ჩვენ შევიდეთ ამ ადამიანებთან და მოვინახულოთ. როგორ არ გესმით თქვენ, რომ ეს არის საზოგადოების დაწყანრება. არაერთხელ შევსულვართ, მე, ელენე ხოშტარია და რომ გამოვდივართ იქიდან ერთხელ ყოფილა პოლიტიკური აჟიოტაჟი? ეს არის ჩვენი უფლება რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ… 20 ივნისსს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით არც ერთ თქვენგანს არ მოსვლია აზრად რომ ენახათ. იქ არ არიან ჩვენი მომხრეები ან ჩვენი პარტიის წევრები, იქ არიან მოქალაქეები, რომლებიც პირველად იყვნენ იქ მისულები. დააკავეთ და არიან მძევლები“, – განაცხადა რატიანმა.