სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხას, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.
სუსი აქვე აღნიშანვს, რომ აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და რითაც, სუს-ის პოზიციით, ისინი შეეცადნენ ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, ასევე ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
„დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.
ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს „შაბათის მთავარში“ გასული თარგმანისგან“, – წერს სუსი.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, გამოძიებამ გამოკითხა ის პირებიც, „ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ”.
სუსი აღნიშნავს, რომ გამოკითხულ პირთაგან ვერც ერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას.
„გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის ხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სსახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას”, – აცხადებს სუსი.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გაეცანით სრულად ბმულზე.