„სიყვარული ტურიზმი არ არის“ - პეტიცია წყვილებისთვის, რომლებიც COVID19-ის გამო ერთმანეთს ვერ ხვდებიან

პუბლიკა

პანდემის გამო საზღვრების მიღმა დარჩენილი წყვილები პეტიციით ითხოვენ, რომ ევროპის 12 ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც გამონაკლისის სახით დაშვებული იყოს ოჯახის წევრებისა და არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი უცხოელი წყვილებისთვის საზღვრების გახსნა.

„ჩვენ მოვითხოვთ რომ საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა, შეუერთდეს ამ ინიციატივას და განკარგულება N164-ის, მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის ვ.ა.ა ქვეპუნქტს დაემატოს არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირები. საინიაციატივო ჯგუფში უკვე გაწევრიანდა 600-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც იგივე პრობლემა აერთიანებთ. გთხოვთ გახსნათ საზღვრები არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირებისათვის“, – აღნიშნულია პეტიციაში, რომლის ავტორიც თამარ სადუნაშვილია.

იმისათვის, რომ პარლამენტში პეტიცია განიხილონ, ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვეში 300 ხელმოწერა უნდა შეგროვებულიყო, თუმცა 25 სექტემბერს ატვირთულ განაცხადზე უკვე 600-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


ამავე ინიციატივით ათობით ქვეყანაში დაიწყო მოძრაობა – #loveisnottourism (სიყვარული ტურიზმი არ არის), ამ სოციალური მოძრაობის კვლადაკვალ, რამდენიმე ქვეყანამ წყვილებს შეხვედრის საშუალება მისცა.

მოძრაობის საერთაშორისო ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცეელების თავიდან არიდების მიზენით, აუცილებელია ტურიზმის შეჩერებაც, თუმცა:

„სიყვარული ტურიზმი არ არის. ეს არ არის უბრალოდ საზაფხულო არდადეგები. ეს საკითხი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათ მომავალს ეხება“, – აღნიშნავს მოძრაობა.