„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვისთვის სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებლია. ორგანიზაცია ამას აფგან სადიგოვის სახელით სასამართლოში ასაჩივრებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოს მოუწოდებს, ჟურნალისტს მიანიჭოს საერთაშორისო დაცვა და შეაკავოს აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია და პოლიტიკური დევნის, წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რეალური და აშკარა რისკები.
საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უკვე 26 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებო. რისკების წინაშე დგას მისი ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მარტოები თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
„აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის წლების განმავლობაში აქტიურად წერდა აზერბაიჯანში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაზე, დანაშაულებზე და სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე.
ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობების გამო ა. სადიგოვის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. თუმცა, მას ჟურნალისტური საქმიანობა არ შეუწყვეტია. ამის შემდეგ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს (მისთვის უცნობი პირის ცემის ბრალდებით), შემდეგ კი 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (2018 წლის მაისში ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, აფგან სადიგოვი სამჯერ ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს). აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსაბუთებელი იყო და უფრო მეტად მის დასჯას ისახავდა მიზნად. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობის შემდეგ, აფგან სადიგოვი პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 2023 წლის მაისში გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში ყოფნის დროს 242 დღის განმავლობაში იშიმშილა და ჯანმრთელობა მკვეთრად დაუზიანდა, მათ შორის, განუვითარდა მძიმე დაავადებები. აფგან სადიგოვი იხსენებს, მისი შიმშილობის დროს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს ფაქტებს.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2023 წლის 24 დეკემბერს აფგან სადიგოვი საქართველოში ჩამოვიდა. აქ ის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. საქართველოში მკურნალობის შემდეგ, ჟურნალისტი გარკვეული დროით აზერბაიჯანში დაბრუნდა, თუმცა, მის მიმართ არსებული მაღალი უსაფრთხოების რისკების გამო, კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით, 2024 წლის 14 ივლისს საქართველოში მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილებიც ჩამოვიდნენ.
მთელი ამ დროის განმავლობაში აფგან სადიგოვი თავის ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა, რაც როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის და ჟურნალისტის კიდევ ერთხელ სასტიკის დასჯის ინტერესი გაუჩნდა.
აფგან სადიგოვმა 2024 წლის 17 ივლისს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ის, საკუთარ ოჯახთან ერთად, საქართველოდან თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას, რა დროსაც ქართულმა პოლიციამ მას სასაზღვრო კონტროლის გავლის უფლება არ მისცა. ჟურნალისტს ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო ეს აზერბაიჯანი იყო.
აფგან სადიგოვი ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ჯერ კიდევ ივლისის თვეში აცხადებდა, რომ, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ მიმდინარეობდა. თუმცა შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ ცდილობდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის “შეკერვას“ და საქართველოსგან მის გადაცემას მოითხოვდა. ამ პერიოდში აფგან სადიგოვი ასევე საუბრობდა, აზერბაიჯანში დარჩენილი მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული მუქარების ფაქტებზე.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2024 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად აფგან სადიგოვი დააკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ექსტრადაციის მოთხოვნის საფუძველზე. აზერბაიჯანის ინფორმაციით, ის მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნება. საქმის ფაბულა აფგან სადიგოვის თქმით, ასევე აჩვენებს, რომ ის დაუსაბუთებელი და ფაბრიკაციულია.
2024 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა შაბლონური სასამართლო დასაბუთებით.
აფგან სადიგოვმა დაკავებისთანავე, 2024 წლის 3 აგვისტოს ითხოვა საერთაშორისო დაცვა საქართველოში, თუმცა ზაჰესის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში განცხადება არ დაარეგისტრირეს, რის გამოც 2024 წლის 5 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა ა. სადიგოვის განცხადება საერთაშორისო დაცვაზე, თუმცა ვინაიდან განცხადებას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება, 2024 წლის 6 და 8 აგვისტოს ა. სადიგოვის ადვოკატმა განცხადებით მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და ითხოვა პასუხი განხორციელებულ რეაგირებაზე.
აფგან სადიგოვს საფუძვლიანად მიაჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში პოლიტიკური დევნისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდებოდა და ასევე უთითებდა, რომ აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განპირობებული იყო მხოლოდ მისი კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობით და პოლიტიკური საფუძველი აქვს.
2024 წლის 3 სექტემბერს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა შეადგინა თავშესაფრის მაძიებლის ანკეტა. 2024 წლის 13 სექტემბერს მიგრაციის დეპარტამენტმა შეადგინა სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმი. თუმცა ძალიან დაჩქარებულად და მოულოდნელად, საქმის მასალების სათანადო დამუშავების გარეშე 3 დღეში, 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და შეუსაბამობა რეალობასთან
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შეფასებით, მართალია აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს კონვენციაში ნახსენები ,,პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნას”. ამასთან, დეპარტამენტი მიჩნევს, რომ აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში არ განხორციელდება დისკრიმინაციული სისხლისასამართლებრივი დევნა, ან არაპროპორციული სასჯელის გამოყენება. დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ აფგან სადიგოვის საქმეზე არ არსებობს ისეთი ინდივიდუალური გარემოებები, რომელიც აზერბაიჯანში სადიგოვის დაკავებისა და პატიმრობის შემთხვევაში მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს შექმნიდა.
დეპარტამენტის დასკვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი დევნის მსხვერპლი და აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ის კვლავ პოლიტიკური დევნისა და წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ დადგება. სამწუხაროდ, მიგრაციის დეპარტამენტმა სათანადოდ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აფგან სადიგოვმა მის წინაშე წარადგინა. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამნესტი ინთერნეიშენალის, ჰუმან რაით ვოჩის) განცხადებები, სადაც ის პოლიტიკურ პატიმრად იყო მიჩნეული და მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის შეფასება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადგილი არ აქვს ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს, ან საპატიმროებში არსებული მდგომარეობა და პატიმრების მიმართ მოპყრობა არ აღწევს არაადამიანური და არასათანადო მოპყრობის ხარისხს სრულიად დაუსაბუთებელია და პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად მიგრაციის დეპარტამენტის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციას, სადაც მითითებულია, რომ აზერბაიჯანში ყველაზე ხშირად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და აქტივისტების უფლებები ირღვევა. ეს მსჯელობა ასევე მოდის წინააღმდეგობაში არა ერთ საერთაშორისო ანგარიშთან, რომელიც პოლიტიკური პატიმრების დევნისა და ციხეებში არასათანადო პირობებზე და მოპყრობაზე უთითებს.
აზერბაიჯანში აქტივისტების, ჟურნალისტებისა, პოლიტიკოსების მძიმე მდგომარეობას, მათ შორის, პატიმრობის დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, ფაბრიკაციული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევებს, სასამართლოს პოლიტიზებულობასა და კორუმპირებულობას, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების წევრების მუქარისა და ზეწოლის უმძიმეს ფაქტებს ადასტურებს არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ანგარიში“, – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.