„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.
SJC-ს შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ის არსებული პოლიტიკის ძირეული რევიზიისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც უნდა გახდეს.
აღნიშნულ საქმის ფარგლებში 2021 წელს ოჩამჩირეში მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა,
„სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პირის სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს, ან/და იურიდიულ მისამართს.
უზენაესმა სასამართლო უპირველესად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა. შესაბამისად საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მას ანიჭებს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის უფლებას. პირველი ინსტანციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა და ამით უგულებელყოფა სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცვლის სახელმწიფო პრობლემურ მიდგომებსა და პრაქტიკას, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს სუსტ სოციალურ გარანტიებს აძლევს და მომავალში ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას.