„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შესული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ.
„შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ არ განუმარტავენ დაბარების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, მათ უმრავლესობას აქვს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.
პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
„მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს“, – წერია განცხადებაში.