SJC: ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლოების საქმიანობის გაჩერებას ემსახურება

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის გაჩერებას ემსახურება.

არასამთავრობოში აღნიშნავენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის მიერ ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „აირჩიე ევროპა” და მათი ხელმძღვანელების საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადება უკანონო და რეპრესიულია.

„ის წარმოადგენს რუსული კანონის გაგრძელებას და ემსახურება ერთადერთ მიზანს – წინასაარჩევნოდ გააჩეროს სამოქალაქო საზოგადოება და არ დაუშვას მათ მიერ დამოუკიდებელი და ობიექტური დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის გადაწყვეტილების დამაზიანებელი ეფექტი კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ მისი ადრესატები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ართულებს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას.


ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ იმასაც, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.

ინფორმაციაზე შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომაც – მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა.