„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გამორიცხვა ფაქტობრივად აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების სხვადასხვა პროცესში.
ორგანიზაცია ამის შესახებ „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებაში წერს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო წლების პრაქტიკის ოფიციალური აღიარებაა, რადგან „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია აღარ თანამშრომლობს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აღარ ითვალისწინებს მათ ხედვებსა და რეკომენდაციებს.
„საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის ოფიციალურად გამორიცხვა საქართველოში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია. მსგავსი პოლიტიკა ეწინააღმდეგება თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის საბაზისო საფუძვლებს, ღია მმართველობის, ჩართულობისა და სახელმწიფოს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპებს […]
მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას და მის შესასრულებლად შემუშავებულ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს ღია მმართველობის რეფორმების გაგრძელებას, ევროპული საჯარო ადმინისტრირების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ღია დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში“, – წერს სსც.
შეფასების დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.