SJC გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობაზე კრიტიკულ ანალიზს აქვეყნებს

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ პროექტი ვერ თავსდება ვერც არაღიარების პოლიტიკის და ვერც სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ამ ფონზე კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილი ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს წარმოშობს. ორგანიზაციის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სცდება დე ფაქტო რეჟიმის უფლებამოსილებებს და წარმოადგენს სუვერენული ფუნქციების თვითნებურ მითვისებას.

ორგანიზაციის თქმით, გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას, რომელიც მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლას:

„გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას და ვერ განიხილება ნეიტრალურ ეკონომიკურ პროექტად. არსებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებასთან, რომელიც მიზნად ისახავს სანქციების რეჟიმის შესუსტებას, რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის გვერდის ავლას და აფხაზეთში ოკუპაციის კონსოლიდაციას”, – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანალიზში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებული სქემით აფხაზეთი ტრანზიტულ სივრცედ არის ქცეული, ხოლო ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, გახდეს სავაჭრო-საბაჟო პროცესის მონაწილე და არა მხოლოდ გამტარი მხარე.

ანალიზის თანახმად, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მსგავსი ტერმინალის ფუნქციონირება ეწინააღმდეგება როგორც ოკუპაციის სამართლებრივ ჩარჩოს, ისე არაღიარების პოლიტიკის პრინციპებს. დე ფაქტო რეჟიმის მიერ „საბაჟო“ და „სასაზღვრო“ ინფრასტრუქტურის შექმნა სუვერენული უფლებების თვითნებურ მითვისებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესის მიმართ ქმნის ლეგიტიმაციის სერიოზულ რისკს.

ამავე დროს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, პროექტი ვერ აკმაყოფილებს სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მინიმალურ სტანდარტებს – პროცესი დახურულია, არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას და გამორიცხავს საერთაშორისო შუამავლებს, რაც შერიგების ლოგიკას ეწინააღმდეგება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული რეაგირების და საერთაშორისო პლატფორმებზე საკითხის აქტიურად დაყენების არქონა ასუსტებს არაღიარების პოლიტიკას და აჩენს შთაბეჭდილებას სტრატეგიული უმოქმედობისა, რომელიც რუსეთის ანექსიურ ინტერესებს ემსახურება.

სოციალური სამართლიანობის ვრცელი ანალიზი გალის ტერმინალის მშენებლობაზე ნახეთ ბმულზე.