SJC: გიორგი მუმლაძის მიმართ ჩადენილ პოლიტიკურ დანაშაულს შსს დემონსტრაციულად არ იძიებს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აფასებს 2024 წლის 9-10 მაისს პოლიტიკოსისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის, მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების პროცესს და მიიჩნევს, რომ გამოძიება არსებითად ჭიანურდება, ფორმალურია და რეალურ სამართლებრივ შედეგს არ ისახავს მიზნად.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის მარტსა და მაისში, ქვეყანაში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას, სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული კერძო ძალადობრივი ჯგუფები არაერთ სამოქალაქო აქტივისტსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში ორგანიზებულად ხვდებოდნენ და მათზე ძალადობდნენ.

სწორედ ამ კონტექსტში 2024 წლის 9 მაისს გიორგი მუმლაძეს ქვემო ქართლში, საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან (სადაც მშობლებთან, მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს) ჯგუფურად თავს დაესხა 4 პირი, რომლებმაც მასზე იძალადეს და წაიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.

კერძოდ, შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები გიორგი მუმლაძეს სხეულის სხვადასხვა არეში ფეხებით, ხელებით ურტყამდნენ, რის შედეგადაც გიორგი მუმლაძემ ცხვირის დაზიანება და ტვინის შერყევა მიიღო. ფიზიკური ძალადობა მათ მუმლაძის მეზობლებმა შეაწყვეტინეს და თავდამსხმელებმა თავიანთი კუთვნილი ავტომობილით დატოვეს ტერიტორია.

მოგვიანებით გიორგი მუმლაძეზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც თან ახლდა შეურაცხმყოფელი და პოლიტიკური კონოტაციის მქონე კომენტარები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ 2024 წლის 10 მაისს სავარაუდოდ იმავე პირთა ჯგუფი სხვა ავტომობილით კვლავ ელოდებოდა გიორგი მუმლაძეს საკუთარი სოფლის შესასვლელთან და კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შეეცადნენ, შემდეგ კი მანქანით დატოვეს ტერიტორია.

გიორგი მუმლაძე და მისი თანმხლები პირები ავტომობილით გაჰყვნენ მათ უკან, იდენტიფიცირების მიზნით და გზად შემხვედრ საპატრულო პოლიციასაც  მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებსა თავდამსხმელების ავტომობილი არ შეუჩერებიათ.

მუმლაძის ცემის ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გიორგი მუმლაძის ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

ორგანიზაციის განცადებით, მათთვის გაზიარებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცხადი ხდება, რომ გამოძიება ფორმალურია, ვინაიდან შსს-ს  გამოძიების დასაწყისშივე არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და აღნიშნულს არც მათი არაერთი მიმართვის შემდგომ უზრუნველყოფს.

კერძოდ, SJC-ის ცნობით:

  1. გამოძიების დაწყების შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ გ. მუმლაძემ და მასზე ძალადობის შემსწრე პირებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას თავდამსხმელებისა და მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, გამოძიებას არ უცდია სატრანსპორტო საშუალებისა და შემდგომ 2024 წლის 9 -10 მაისს ამ საშუალებით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირება.
  2. საგამოძიებო ორგანომ, მომხდარიდან დაახლოებით 1,5 – 2 თვის შემდეგ შეისწავლა მომხდარის ახლომახლო განთავსებული ვიდეოკამერების მონაცემები და დაადგინა, რომ 2024 წლის 9 ივნისის ჩანაწერები არ იძებნებოდა. 10 მაისს, მარნეულის ცენტრში მდებარე ვიდეოკამერები, რომლებზეც შესაძლოა დაფიქსირებული ყოფილიყო ავტომობილი, რომელშიც გიორგი მუმლაძეზე თავდამსხმელები იმყოფებოდნენ, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული და შესწავლილი.
  3. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოს განთავსების შემდგომ საგამოძიებო ორგანომ არ უზრუნველყო იმ გვერდის მონაცემების (მათ შორის IP მისამართის) დადგენა, სადაც თავდაპირველად აიტვირთა ვიდეო და გვერდის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით აგრეთვე იყო შესაძლებელი გ. მუმლაძეზე თავდამსხმელების ან მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა.
  4. საგამოძიებო ორგანომ აგრეთვე არ დაიწყო გამოძიება მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ გ. მუმლაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი თავდამსხმელებს ჰქონდათ და მობილური ტელეფონი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიური იყო, არ ჰქონიათ მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის გარკვევის მცდელობა.
  5. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გ. მუმლაძის მიმართ დანაშაულის სიძულვილის მოტივით (პოლიტიკური ნიშნით) ჩადენაზე მიუთითებს, თუმცა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ არის მოტივი გამოკვეთილი.

მითითებული გარემოებების იდენტიფიცირების შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთი შუამდგომლობით მიმართა საქმის ზედამხედველ პროკურორს და მოითხოვა საქმეზე საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ზედამხედველი პროკურორის პასუხით გვეცნობა, რომ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა გამოძიების ფარგლებში, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 5 თვის თავზეც საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, არ იწყება გამოძიება მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე და ამ დრომდე არ ხდება საქმეში სიძულვილის მოტივის გამოკვეთა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გ. მუმლაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და მის მიზანს დანაშაულის ჩამდენ პირთა რეალური იდენტიფიცირება არ წარმოადგენს. ცხადია, მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანია და როგორც ჩანს საგამოძიებო ორგანოები ავლენენ პოლიტიკურ დაინტერესებას მასობრივი აქციების დროს ჩადენილი პოლიტიკური სიძულვილის დანაშაულების მიმართ, რაც ცხადყოფს ამ ინსტიტუტების პოლიტიზების და დამოუკიდებლობის პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 2024 წლის აპრილსა და მაისში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების ცემის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი მუმლაძეს, ნიკო მანაგაძეს, გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ბერძენიშვილს და სხვებს.

ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა და როგორც წესი ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თავსდებოდა შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარებით, რაც ძალადობის პოლიტიკურ შინაარსს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში იკვეთებოდა პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები და მნიშვნელოვანი იყო საქმეთა დროული გამოძიება.

„პოლიტიკური მიზნით გამოყენებული ამგვარი დაქირავებული ძალადობრივი კერძო ჯგუფები ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც „ტიტუშკები“. ეს ტერმინი უკრაინაში 2013-2014 წლების ევრომაიდნის პროტესტების დროს გაჩნდა და ავტორიტარული რეჟიმების მიერ პოლიტიკური ძალადობის ტაქტიკის აღსაწერად დღემდე გამოიყენება.

უფრო ზუსტად, აღნიშნული ტერმინი უკავშირდება უკრაინელ სპორტსმენ ვადიმ ტიტუშკოს, რომელიც 2013 წლებში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებში იყო ჩართული. „ტიტუშკები“, როგორც წესი, პროტესტების ჩასაშლელად, ოპოზიციის დაშინების მიზნით ან ძალადობის პროვოცირებისთვის გამოიყენება. მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, რათა რიგით მოქალაქეებად ჩანდნენ და თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალადობას ახალისებენ. ისინი ხშირად პროტესტანტებსა და ჟურნალისტებს ესხმიან თავს, რათა სამართალდამცავებს ძალის გამოყენების საბაბი მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ „ტიტუშკები“ ფორმალურად კერძო პირები არიან, ისინი ხშირად ხელისუფლების ან პრო-სამთავრობო ძალების მიერ არიან ორგანიზებულები.

ამგვარად, ხელისუფლებას საშუალება აქვს, ძალადობისგან დისტანცირება მოახდინოს, თუმცა ამავე დროს ისარგებლოს მათი საქმიანობით.

ცხადია, რომ „ტიტუშკების” გამოყენება სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის პრინციპს, ასევე –  მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ქართულ რეალობაში, გაზაფხულის მასობრივი პროტესტების დროს, კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებზე თავდასხმის ათეულობით შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ სწორედ „ტიტუშკების“ პრაქტიკა გამოიყენა. ძალადობის აღნიშნული ეპიზოდების დრო, სცენარები და ტაქტიკა, პრაქტიკულად, ემთხვეოდა ერთმანეთს და კარგად ორგანიზებულს ჰგავდა. განსაკუთრებით საეჭვო იყო ის, რომ აღნიშნულმა ჯგუფებმა იცოდნენ კონკრეტული პირების საცხოვრებელი მისამართები და მათი გადაადგილების ზუსტი დრო. ცხადია, ამგვარი ძალადობის წახალისებით ხელისუფლების მცდელობა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაშინება და მათი წინააღმდეგობის ჩახშობა იყო. ასევე ნათელია, რომ ამას ოპონენტების დამცირებისა და უფრო ფართო საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმების ამოცანასაც ისახავდა მიზნად.

სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. არაერთი ევროპული ქვეყნის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისა და გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სამართლებრივი შედეგი და დამნაშავეთა იდენტიფიცირება ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ამგვარი ძალადობის ფაქტების დემონსტრაციული გამოუძიებლობა აშკარად აჩვენებს ძალადობრივი ჯგუფებისთვის ხელის დაფარებისა და პოლიტიკური ძალადობის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლოიალობას.

შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის ყველა გიორგი მუმლაძის საქმეზე ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების დროულად ჩატარება”.

  • საქართველოს პროკურატურას

უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და გამოძიების პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობა.

არსებითია, მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში შეისწავლოს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე იდენტური თავდასხმის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს შორის კავშირები და მათი ორგანიზების, დაქირავებისა და მართვის სქემები“. – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.