„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას ეხმაურება.
ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასებით, მიღებული კანონი რამდენიმე მიმართულებით არის ფუნდამენტურად პრობლემური. გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობის დაწესება წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც უნდა მართლდებოდეს ლეგიტიმური მიზნით, აუცილებლობითა და პროპორციულობით. ორგანიზაციის თქმით, კანონი ვერცერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
SJC წერს, რომ მთავრობის თანხმობის მოთხოვნა გრანტის გაცემაზე ემყარება მთლიანად მთავრობის დისკრეციას, რაც კანონში ობიექტური, მკაფიო და განზოგადებადი კრიტერიუმების გარეშეა განსაზღვრული.
„კანონი არ აწესებს რაიმე სახის წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მოხდება გრანტის მიზნობრიობის შეფასება. ეს ქმნის თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების რეალურ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, მათ შორის სამართლებრივი პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს. როდესაც სახელმწიფოს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი ჩარჩო ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მიზეზები უნდა იყოს „რელევანტური და საკმარისი.” „ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს შემუშავებული სხვა “რუსული კანონების” მსგავსად, აღნიშნულიც არსებითად მანიპულაციურია და ვერ ასაბუთებს მისი მიღების რეალურ მიზნებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცენტრის შეფასებით, კანონი ვერ ასაბუთებს ვერანაირ კონკრეტულ საფრთხეს ან რისკს, თუ რატომაა გრანტზე მთავრობის თანხმობა აუცილებელი.
კანონში გათვალისწინებული ზომები, ორგანიზაციის განცხადებით, აბსოლუტურად არაპროპორციულია.
„გარდა გრანტის მიღებაზე მთავრობის პირდაპირი თანხმობის მოთხოვნისა, კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული მონიტორინგის განხორციელების წესი ფაქტობრივად წარმოადგენს ხელისუფლებისთვის არასასურველი ფიზიკური და იურიდიული პირების შევიწროებისა და დევნის მექანიზმს.
გრანტების კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს აღჭურავს პირის დაკითხვის უფლებამოსილებით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელს „შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თანხმობის გარეშე გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია“.
ამგვარი ზოგადი საფუძველი, „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკის პირობებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მუდმივი წნეხისა და ზეწოლის იარაღად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ორგანიზაცია ასევე აფასებს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებას დაყადაღების შესახებ და წერს, რომ ეს ერთი მხრივ ქმნის საფრთხეს როგორც უფლებამოსილების გადაჭარბების, ასევე ყადაღის განხილვის უკიდურესად შემჭიდროებული ბადებს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, პროცესი მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს, სადაც ფაქტობრივად გამორიცხული იქნება საქმის მასალებზე ჯეროვანი მსჯელობა და არგუმენტაცია.
„სასამართლოს ტოტალური კონტროლის პირობებში, ეს პრაქტიკულად ორგანიზაციების საქმიანობის გაჩერების ტოლფასი იქნება. ამასთან, გაუგებარია რას ემსახურება სამართალდარღვევის დადასტურების საკითხის შემთხვევაში განხილვის ვადების კიდევ უფრო შემჭიდროება „წინასაარჩევნო პერიოდის“ დროს. გრანტის მიმღები ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც მრავალი განსხვავებული პროფილი და საქმიანობის მიმართულებები აქვთ, თავისთავად, არაფერ კავშირშია საარჩევნო მიზნებთან.
ამდენად, ამ წესს მხოლოდ ერთი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს: არჩევნების წინ კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო ველიდან რაც შეიძლება მარტივად ჩამოცილება, სადაც სასამართლოს სწრაფი და ეფექტიანი „ნოტარიუსის“ ფუნქცია ექნება“, – წერია დოკუმენტში.
SJC ასევე წერს, გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება, შესაძლოა, ორგანიზაციას შეუძლებელ ფინანსურ ტვირთად დააწვეს და ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, გრანტის მიღებისთვის მთავრობის თანხმობის ბლანკეტური მოთხოვნა გაერთიანების თავისუფლებაში არა უბრალოდ ჩარევას, არამედ ამ თავისუფლებით სარგებლობის პირობას წარმოადგენს, რაც შეუძლებელია გამართლებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში (გარდა ძალზედ დავიწროებული შემთხვევებისა, მაგალითად, უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობები).
„ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ გრანტების კანონში შესული ცვლილებები არსებითად უფრო მკაცრი და საგანგაშოა, ვიდრე უკვე მიღებული „რუსული კანონები“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
„ცხადია, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განიხილება იზოლირებულად და უნდა შეფასდეს იმ ზოგადი საკანონმდებლო ტენდენციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვას, მის ინსტიტუციურ გაკონტროლებასა და დისკრედიტაციას. მათ შორისაა, 2024 წელს მიღებული ე.წ. რუსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2024 წელს მიღებული ფარა-ს ტიპის კანონი, რომელიც კონკრეტული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წესს ადგენს. აღნიშნული ცვლილებები ქმნის კარგად კოორდინირებულ და აგრესიულ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი კონტროლისა და კრიტიკული საზოგადოებრივი ინსტიტუციების ფუნქციონირების ხელშეშლა, რაც ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და პლურალიზმის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული ინიციატივები პირდაპირ და არაპროპორციულ ზემოქმედებას მოახდენს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქმიანობენ ადამიანის უფლებათა დაცვის, საბაზისო სერვისების მიწოდების, კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო მმართველობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგობის სფეროში. ასეთ პირობებში შეუძლებელი გახდება აღნიშნული საქმიანობის თავისუფლად და დამოუკიდებლად განხორციელება, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაერთიანების თავისუფლებასა და იდეების გარშემო დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ ძირითადად საზოგადოებრივ ინტერესებსა და დემოკრატიული საზოგადოებრივი წესრიგის ფუნქციონირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმები მსგავსი ტიპის კანონებს ხშირად წარმოაჩენენ როგორც გამჭვირვალობისა და საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმებად, მათი გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ მათი ნამდვილი მიზანია სახელმწიფოს ძალაუფლების გაფართოება და სამოქალაქო სივრცის კონტროლი და დამორჩილება.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, სადაც 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი, შემდგომში არაერთხელ გაფართოებული, გამოიყენება არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და აკადემიური წრეების წინააღმდეგ. კანონი ადგენს მკაცრ რეგისტრაციის ვალდებულებას და აწესებს საჯარო დამცირების პრაქტიკას, როდესაც ორგანიზაციები იძულებული არიან აღიარონ საკუთარი საქმიანობა „უცხოელი აგენტის“ სტატუსით, რაც საზოგადოებრივ აღქმაში მათ მტრულ ელემენტად წარმოაჩენს. ამ პრაქტიკამ დროთა განმავლობაში არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობები, არამედ პრაქტიკულად წაშალა ქვეყანაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების სივრცე. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა უნგრეთის მაგალითი. 2017 წელს იქ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების სპეციალურ რეგისტრაციასა და ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ძირითად პრინციპებს და შეფასდა როგორც დისკრიმინაციული და შემზღუდავი. აზერბაიჯანში სამოქალაქო სივრცის მკვეთრი შეზღუდვა მიღწეულია არა მხოლოდ მკაცრი რეგისტრაციის სისტემით, არამედ საგრანტო კონტროლის მეშვეობით, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ნებისმიერი დამოუკიდებელი დაფინანსების მიღებას. ამ მიდგომამ საფუძვლიანად დააზიანა ქვეყნის უფლებადამცველი ორგანიზაციების მდგრადობა და განაპირობა სამოქალაქო საზოგადოების მიტაცება სახელმწიფოს მიერ.
ამ კონტექსტში, საქართველოს მიერ მსგავსი სამართლებრივი მიდგომების გადმოღება და მათი კანონმდებლობაში ინტეგრირება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილ დემოკრატიულ პრინციპებს, არამედ ქმნის რეალურ რისკს იმისა, რომ საქართველო გადავიდეს არათავისუფალი, ავტორიტარული და იზოლირებული სახელმწიფოების ბლოკში და სრულად დაკარგოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. ევროკავშირის პრეზიდენტის კაია კალასის შეფასებით საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო სივრცეს: „სასწრაფოდ და კონსულტაციის გარეშე მიღებული ეს კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“.
ზემოთ განხილული გარემოებები ადასტურებს, რომ გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებები სამართლებრივი პრინციპების სრული უგულებელყოფით ქმნის კრიტიკული ორგანიზაციებისა და ინდივიდების დევნის, მათი შევიწროებისა და საქმიანობის შეზღუდვის კომპლექსურ ჯაჭვს. არ არსებობს არანაირი წინასწარი მოთხოვნები და სამართლებრივი ლოგიკა, თუ რის საფუძველზე იხელმძღვანელებს მთავრობა გრანტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ან მასზე უარის თქმისას, რაც შერჩევითი მიდგომების წინაპირობა გახდება. სხვა სიტყვებით, მთავრობის თანხმობის კომპონენტი არსებითად არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კატეგორიაა. მისი აღსრულება სავალალო შედეგების მომტანი იქნება საქართველოში განსხვავებული აზრის წარმოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმს საბოლოოდ გააფორმებს“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასების სრულ დოკუმენტს გაეცანით ბმულზე.