SJC-ის ცნობით, აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის საფუძვლით 275 000 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის საფუძვლით 275 ათასი ლარითაა დაჯარიმებული.

აფგან სადიგოვი ახალი კანონის საფუძველზე გზის გადაკეტვის საბაბით 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია. ის ხვალ საღამოს გათავისუფლდება.

„სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით – ამავე მიზეზით. შსს მას პერიოდულად აჯარიმებდა 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია.

აფგან სადიგოვი 2025 წლის 17 აპრილს, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მიეცა, რის შედეგადაც ის ფაქტობრივად მოსწყდა საკუთარ ოჯახს – მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებიც მესამე უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფებიან.

ჟურნალისტი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში თბილისსა და ბათუმში, სოლიდარობას უცხადებდა ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ აფგან სადიგოვის საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია პროკურატურას ოფიციალურად ჰქონდა, მას არც ერთხელ არ მიუღია შეტყობინება ჯარიმების შესახებ.

აფგან სადიგოვის მიმართ ერთი მხრივ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს – პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.