„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.
ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამსახურიდან იმ ადამიანებს ათავისუფლებენ, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, „რამაც უკიდურესად დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, მათ შორის, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის – სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები“.
„უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდიულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების არგაგრძელება. მათივე შეფასებით, ეს პრაქტიკა ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, „როცა შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელებას საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი, შრომითი ურთიერთობის დასრულება უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი“.
„აღსანიშნავია, რომ საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) წევრი სახელმწიფო, რომელიც შრომის საკითხებისადმი მიძღვნილი გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციაა. შსო-ს აქვს მანდატი, საკუთარი ინიციატივით შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში, როდესაც წევრ სახელმწიფოში მის მიერ რატიფიცირებული კონვენციის მწვავე და განგრძობადი დარღვევები ფიქსირდება. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111 კონვენცია შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კრძალავს შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას. საქართველოში საჯარო უწყებებში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე გათავისუფლებები არის მაღალი სიმწვავის, მასშტაბისა და განგრძობადი ხასიათის. შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებს. მასობრივი საკადრო წმენდა ძირს უთხრის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მოტივირებულია საჯარო სამსახურზე სრული პარტიული კონტროლის დამყარების განზრახვით და წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს საჯარო ინსტიტუტებზე. ამ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწრაფო რეაგირება და საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყოს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა რეპრესიების შესაჩერებლად“, – წერია განცხადებაში.