„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) ჭიათურის პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოტანილ სასჯელს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დღეს, 20 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურაში დაკავებული ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მერაბ სარალიძის ინტერესებს იცავს, წერს, რომ სააპელაციო სასამართლოს წარუდგენს პოზიციას, რომელშიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის ბრალეულობას.
„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული რაიმე მოქმედება რაც დაადასტურებდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტი.
არ დასტურდება, რომ დაზარალებულ თ.კ.-ს ავტომობილს გზა ჩაუკეტეს სარალიძის მითითებით; არ დგინდება მისი რაიმე სახის კავშირი ქვემოდან ამომავალ ავტომობილებთან და ავტომობილების მძღოლებთან და ამავე დროს დგინდება, რომ მოძრაობა შეფერხდა ობიექტური გარემოებების გამო და რაიმე წინასწარ განზრახულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
არ ფიქსირდება სატელეფონო კავშირი და შესაბამისი კომუნიკაცია, რომელიც ქმედების ორგანიზებისკენ იქნებოდა მიმართული. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ძალადობრივ ქმედებებში;
ამის საპირისპიროდ, თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულის სიახლოვეს არაერთი პირი იყო, მათ შორის უცნობი პირები, ხოლო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულზე მიუთითებენ არ არის სანდო და ურთიერთშეთანხმებული, ცალკეულ შემთხვევებში ისინი მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე ხაზს უსვამს, რომ ეპიზოდი, რომლის გამოც პროტესტის მონაწილეები დააკავეს, ჭიათურაში ხანგრძლივი პროტესტის ფონზე მოხდა.
„გასული წლის მარტიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა, მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას აღმოჩნდა.
მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას მოითხოვდნენ.
სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს.
ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა“, – წერია განცხადებაში.