„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) ინფორმაციით, აქციების გამო დაკავებული პირების საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. „კლანის” წევრებთან — მათ შორის, ლევან მურუსიძესთან და ამ უკანასკნელის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია.
ხვალ, 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 8 პირის – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ამ საქმეს სწორედ თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
მჭედლიშვილმა განიხილა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხიც და პატიმრობა შეუფარდა.
როგორც SCJ წერს, მჭედლიშვილი სასამართლო სისტემაში 2001 წლიდანაა, 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობს, თუმცა მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა.
2022 წლიდან მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა.
თამარ მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერ სანქცირებულია.