SJC მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თემქაზე დაკავებულები

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თემქაზე 6 აქტივისტის დაკავებას ეხმაურება და მოუწოდებს შსს-სა და საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებული პირების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის შესახებ და გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ აქციის მიმდინარეობისას აქტივისტების მხრიდან დაუმორჩილებლობის შეძახილები და ნიღბების გამოყენება შეკრების შინაარსის არსებითი ნაწილი იყო. მათი განმარტებით, დაუმორჩილებლობის შესახებ ვერბალური შეძახილები არ გულისხმობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ და წარმოადგენდა რეპრესიული კანონებისა და საპოლიციო პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ აქტს, რომელიც დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით.

ორგანიზაციის შეფასებით, ამას ადასტურებს ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს პოლიციისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა მათი იდენტიფიცირების პროცესში და მათი მითითება შეასრულეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო. როგორც კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა.

სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს „ქართული ოცნებამ” დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს. მოქალაქეების გამოხატვის ფორმების კონტროლისა და თვითნებური აკრძალვების დაწესება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როცა შეკრებების დარბევისა და დაკავების დროს პრაქტიკულად ვერ ხერხდება სამართალდამცავების იდენტიფიცირება სწორედ ნიღბების ქონისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრების არ არსებობის გამო. “ქართული ოცნების” მიერ მართული და შეწყნარებული ე.წ. “ტიტუშკები” კი სწორედ ნიღბებში ძალადობენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.

ბოლო პერიოდის დაკავების ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმისა და არაპროპორციული ძალის დაუსაბუთებლად გამოყენება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა. როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 500-მდე ადამიანი. მათ დიდ უმრავლესობას აღენიშნება პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის კვალი. არც ერთი სამართალდამცავი პირი ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებული არ არის. უფრო მეტიც, არც ერთ პოლიციელს ამ დრომდე არ აქვს შეჩერებული უფლებამოსილება. ზემოთ განხილული აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთო სასამართლოებმა დაადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ პატიმრობა ან მაღალი ჯარიმები გამოიყენეს.

აღნიშნული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობამ რეპრესიული ბუნებას მიიღო და სამართალდამცავი ორგანოები სრულად პარტიული ინტერესებს დაექვემდებარა. ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეების მასობრივი დაკავება და მათზე ფიზიკური ძალადობა პროტესტის დასუსტებას და დასჯას ისახავს მიზნად და ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირება და ასობრივი ძალადობის პრაქტიკები მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე.

უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ფონზე კი აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას” არ გააჩნია არსებული ღრმა კრიზისის დაძლევის პოლიტიკური სტრატეგია. ამ რეალობას ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რომელსაც უმძიმესი და გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.


18 ნოემბერს თემქის პოლიციასთან  აქციის 6 მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს.

საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეებს პოლიციამ განუცხადა, რომ აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიღბების მოხსნა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება, ვისაც სახე აქვს დაფარული.

პოლიცია მათთან ორჯერ მივიდა. პირველად როცა მათ აქციის მონაწილეებს ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სახეს ყველა მათგანი დაიფარავდა.

მათი ხელმეორედ მისვლის დროს აქციის მონაწილემ, გურამ მაცხონაშვილმა ნიღაბი ჩამოიწია და პოლიციელებს უთხრა, რომ ის არ ემორჩილება ამ კანონს, რის შემდეგაც გურამ მაცხონაშვილის დაკავება დაიწყეს, რასაც მოჰყვა აქციის რამდენიმე მონაწილის ძალის გამოყენებით დაპატიმრება. პროცესში ჩაიმსხვრა პოლიციის განყოფილების კარის შუშაც.

გურამ მაცხონაშვილთან ერთად დაკავებულები არიან: მსახიობი თამარ ჩუმაშვილი, თეატრ „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე. ასევე, დაკავებულები არიან სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი, მარიამ გილაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან მოთავსებულნი.