სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარ თავდასხმას და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაზარალებულს დაუყოვნებლივ მისცეს საქმის მასალებზე წვდომა და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება.
როგორც ორგანიზაცია წერს, შემთხვევიდან ოთხ თვეზე მეტის შემდეგაც საბაზისო ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე დაზარალებულისთვის ხელმიუწვდომელია.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულს აძლევს უფლებას, მიიღოს საქმის მასალები. ამ დრომდე დაზარალებულს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 23 ივლისს მოგვეცა, თუმცა არა ასლების გადმოცემის, არამედ საგამოძიებო უწყებაში გაცნობის გზით.
2024 წლის 9 სექტემბერს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას კვლავ მივმართეთ საქმის გაცნობის და ასლების გადმოცემით მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა საქმის მასალების გაცნობაზე ფორმალურად უარს არ გვეუბნება, თუმცა პრაქტიკაში სხვადასხვა საფუძვლით კვლავ ჭიანურდება დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის საკითხი.
საქმის მასალებზე წვდომის თვითნებურად შეზღუდვა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ჩატარებული საჭირო საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიებები დამნაშავეების საიდენტიფიკაციოდ”, – წერს ორგანიზაცია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, დევნა არ დაწყებულა ნიკოლოზ მანაგაძეზე თავდამსხმელი არცერთი პირის მიმართ.
„23 ივლისს საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები იმ დროისთვის არ იყო ჩატარებული. შესაბამისად, არ იყო გადადგმული ყველა გონივრული ნაბიჯი დამნაშავეების დასადგენად და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გასატარებლად. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ვფლობთ ინფორმაციას, ჩატარდა თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობის დადგენა და მათი გამოკითხვა.
ნიკოლოზ მანაგაძის საქმე Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშშიც მოხვდა, როგორც საქართველოში ხელისუფლების კრიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი ინციდენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, მსგავს დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება „ახალისებს ძალადობას და აშკარად მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ პასუხისმგებელი პირების დასაჯოს”.
ასევე, როგორც SJC წერს, არაეფექტიანი გამოძიების პარალელურად, შემაშფოთებელია ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაზარალებულის ინფორმირებას ბაზისურ დონეზეც კი არ უზრუნველყოფენ საქმესთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაზარალებულს და მის ადვოკატს დაუყოვნებლივ მიეცეს საქმის მასალებზე წვდომის და ასლების მიღების შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრს, ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან თავს 7 ივნისს დაესხნენ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ამბობდა, მანაგაძეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ოთხამდე უცნობი პირი სასტიკად გაუსწორდა.
ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატეს.