„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ღიად არღვევს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს.
ორგანიზაციის შეფასებით, „მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა”.
„აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების უკანონო, დისკრიმინაციული დევნა, რაც მათი მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდება.
ამ საფუძვლით მათი სამსახურიდან გათავისუფლება და დისციპლინური სანქცირება განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობასა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც უხეშად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები, მათ შორის, მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და მასზე არხის მენეჯმენტის პასუხი, აშკარას ხდის, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და შეასრულოს კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი მოშლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
SJC წერს, რომ არხის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და კრიტიკული და დამსახურებული ჟურნალისტების საქმიანობიდან ჩამოშორება „უმძიმესი ლაქაა არხის ისტორიაში. ცხადია, რომ ეს პროცესები მწვავედ აყენებს დღის წესრიგში მენეჯმენტის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხს”.
ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და აღნიშნავს, რომ მზად არის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის.
იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.
გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.