„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საპროცესო კანონმდებლობაში ტერმინ „პროცესუუნარო პირის“ შემოღებას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
„პირველ რიგში, ესაა კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც შშმ პირთა კანონის წინაშე თანასწორობასა და ქმედუნარიანობას განამტკიცებს. არსებული სტანდარტის მიხედვით, „უუნაროდ” მიჩნევა, კანონმდებლობით თუ ფაქტობრივად ქმედუნარიანობის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ წარმოების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანების ეფექტიანი მხარდაჭერა, იგი ავტომატურად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის საფუძველზე, „პროცესუუნაროდ” ცნობს ამ პირს და მას იძულებით ღონისძიებებს უქვემდებარებს.
საკანონმდებლო ცვლილებები საკმაოდ ბუნდოვანიცაა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითისთვის, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა დადგინდეს ადამიანის „პროცესუუნარობა”. თავის მხრივ, ცვლილებები, „პროცესუუნარობის” განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე როგორც თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიუროს მუშაობას და მას თვითნებურად და კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ექსკლუზიურად ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს ეფუძნება, რაც, თავის მხრივ, საექსპერტო დაწესებულების (რომელიც სსიპ-ს წარმოადგენს) მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს არ აზღვევს.
საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ადამიანების იძულებითი სტაციონირება და იძულებითი მკურნალობის განხორციელებაა. იძულებითი მკურნალობის ინსტიტუტს საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა იცნობს და პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს. თუმცა, იძულებითი ფსიქიატრიული დახმარება, თავისი არსით, ეწინააღმდეგება კონვენციის არსსა და მის არაერთ დებულებას. კონვენციის 25-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ინტერვენცია ადამიანის თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც, ამ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფილია. დამატებით, აღსანიშნავია, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფი ადამიანები არათუ ვერ იღებენ შესაბამის მხარდაჭერას, არამედ არიან მძიმე პირობებში – ექვემდებარებიან ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პრაქტიკებს, და ცხოვრობენ იზოლაციაში, ეფექტიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიღმა, იმ გარემოში, რომელიც აღდგენაზე ნაკლებადაა ორიენტირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ უმნიშვნელოვანესი რისკები, რაც საკანონმდებლო რეგულაციებს უკავშირდება, ადამიანების განუსაზღვრელი ვადით პატიმრობასთანაა დაკავშირებული.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ “პროცესუუნარო” გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდადებულის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება. აღნიშნული ქმნის უფლებამოსილების ფართოდ და ბოროტად გამოყენების რისკებს და იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს, მხოლოდ იმიტომ, რომ “მისი გამოჯანმრთელება” არ იქნა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დიდი ხნით დაყოვნება საქართველოში წლების განმავლობაში გავრცელებული და პრობლემური პრაქტიკაა.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დასაშვები რჩება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ პირის მიმართ, რომელიც, კანონმდებლობამ “პროცესუუნაროდ” მიიჩნია. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ პასუხობს კითხვას, 3-თვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ პირის “პროცესუნარიონობის” აღდგენა ვერ მოხდება, როგორ იქნება მისი უფლებები დაცული სასამართლოში, საქმის განხილვის გაგრძელების პირობებში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ცვლილებები მხედველობის მიღმა ტოვებს მსგავს შემთხვევებს და პირის იძულებითი მკურნალობის დაუსაბუთებელ და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ამასთან, “ქართული ოცნების” მიზანი, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები მიეღო, ვერ გაამართლებს პირის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას.
საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დებულებას პატიმრობის ვადის დინების შეჩერება წარმოადგენს. ეს დებულება დისკრიმინაციულია – აღკვეთის ღონისძიების სახით პირისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდების მხარის შუამდგომლობისას, სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება, ხოლო თუ შუამდგომლობის ინიციატორი დაცვის მხარეა – აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება. ეს ქმნის საფრთხეს ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი ორმაგად დაისაჯოს – იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაექვემდებაროს, და, ამასთან, ერთად, მისი პატიმრობის ვადაც არ შემცირდეს.
აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულების შედეგები მოსახლეობისთვის სავალალო იქნება. მისი მიღებით და იმპლემენტაციით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ ერთხელ იხევს უკან და უგულებელყოფს ქმედუნარიანობის რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ პარადიგმებს, რომელიც წლების წინ განხორციელდა, და რომელიც, აღსრულების სერიოზული ჩავარდნების მიუხედავად, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების მიუხედავად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმირება და კონვენციის დებულებებთან მისადაგება არ მომხდარა. Მათ შორის არ მომხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებაც, რომელიც საკითხის მოწესრიგების ეტაპზე, კანონმდებლის ინდივიდუალურ მიდგომაზე უსვამდა ხაზს. ამ კუთხით, განსაკუთრებულ გამოწვევებზე საუბრობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი და შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი. მაგალითისთვის, კომიტეტი, საქართველოსთან მიმართ გაცემულ დასკვნით რეკომენდაციებში უარყოფითად აღნიშნავდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პრაქტიკას და ხაზს უსვამდა იმგვარი კანონმდებლობის არსებობის დაუშვებლობაზე, რომელიც იძლევა იძულებითი მკურნალობისა და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას. იგივე წუხილი გაიზიარა შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმაც. მან დამატებით განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ზემოაღნიშნული საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს მოუწოდებდნენ, გაეუქმებინა კანონმდებლობა, რომელიც იძულებითი მკურნალობის შესაძლებლობას იძლეოდა და გადასულიყო ნებაყოფლობითი მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომელიც შშმ პირთა თავისუფლების უფლებასა და ავტონომიას გაითვალისწინებდა, ასევე, გაეუქმებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები (მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიც), რომელიც სამართალწარმოებაში შშმ პირთა მონაწილეობასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას ზღუდავდა.
საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებისა და იმაზე ზრუნვის ნაცვლად, თუ როგორ მოეხდინა შშმ პირთათვის საპროცესო მისადაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით არსებული ბარიერების გამოვლენა და აღმოფხვრა, საკანონმდებლო ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სრულ ობიექტივიზაციას იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, როგორც სხვა არაერთი კანონპროექტის შემთხვევაში, ეს ცვლილებაც დაჩქარებული წესით, შესაბამისი აქტორების, მათ შორის, თემის წევრებისა და ექსპერტების მონაწილეობის გარეშე, სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის მიმოხილვის გარეშე განხორციელდა. ხაზგასასმელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი რატი იონათამიშვილია, რომელიც ფორმალურად თემის უფლებების დამცველად პოზიციონირებდა, თუმცა, რეალურად იმ ინიციატივების თანაავტორია, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მნიშვნელოვნად უკან ხევს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და მათ წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მხარდაჭერისა და დახმარების მზაობას გამოთქვამს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი „პროცესუუნარო პირი“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონში ინიციირებული ცვლილების მიხედვით, პროცესუუნარო პირი – იქნება ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.