„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ზუგდიდში აქტივისტ შალვა ესართიას დაკავებამ აჩვენა, რომ რეგიონებში „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ აქციაზე სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდა და სადამსჯელო ღონისძიების ინსტრუმენტად იქცა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვის და ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო. ამ ცვლილებებით, შეკრებებზე ბლანკეტურად აიკრძალა ნიღბისა და სახის დაფარვის სხვა საშუალებების ტარება შეზღუდვის მიზნის დაკონკრეტებისა და საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების გარეშე. კანონის ინიციატორი დეპუტატები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა.
საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარებისთვის არაპროპორციულად მაღალი ჯარიმაა (2000 ლარი) გათვალისწინებული. განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ სამართალდარღვევა ბლანკეტურ პირობას ადგენს და სამართალდარღვევის ჩადენას არ უკავშირებს ლეგიტიმურ მიზნებსა და მყისიერი ძალადობის საფრთხის, და შესაბამისად, იდენტიფიცირების აუცილებლობის სტანდარტს. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელი არ ადგენს ჯარიმის ზედა და ქვედა ოდენობას და სასამართლოს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ უტოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება ისედაც მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს, პოლიცია პროტესტის იმ მონაწილეებს, რომელთა დასჯა განსაკუთრებული სიმკაცრით სურს, სხვადასხვა ფორმალური საფუძვლით ნიღბის ტარების სამართალდარღვევას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლსაც უფარდებს, რაც პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველი ხდება. შალვა ესართიას საქმე სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა. აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მაღალ ჯარიმას და ნიღბის ტარებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს.
2024 წლის 28 ნოემბრიდან პროტესტი უწყვეტად თბილისის გარდა რეგიონებშიც მიმდინარეობს. 2 თვეზე მეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები თავდადებისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის უნიკალური გამოცდილებებს აჩვენებენ. შალვა ესართიას დაკავებამდე, ზუგდიდში ახალი, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე რამდენიმე აქტივისტის მიმართ გამოიყენეს სადამსჯელო მექანიზმები. 16 იანვარს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის სამი ქალი აქტივისტი – მარიამ სიჭინავა, კერენ ესებუა და მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა დააკავეს, თუმცა თვითნებურმა დაკავებებმა ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო წინააღმდეგობის მუხტი პირიქით გააძლიერა.
ბოლო პერიოდია, თვითნებური დაკავებები და საპოლიციო რეპრესიები განსაკუთრებით გააქტიურდა რეგიონებში. ქართული ოცნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობს პროტესტის ჩახშობას და მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო ფორმით იყენებს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს, რაც ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება და მასობრივი ძალადობის პრაქტიკა მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე. უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ფონზე კი აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არსებული ღრმა კრიზისის დაძლევის პოლიტიკური სტრატეგია. ამ რეალობას ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რომელსაც უმძიმესი და გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს შალვა ესართია.
- აღმოფხვრას დაკავებული პირისთვის ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების გაჭიანურების პრაქტიკა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა.
სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა. უარის შემდეგ ესართია პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვის მუხლებით დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს. ესართიას ადვოკატს, ამ ეტაპზე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ პერფომანსი მოაწყო. მან სახე ნიღბით დაიფარა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული „ჯოჯოხეთის ქვაბში“ მოხარშა.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.