SJC: „ოცნების" კანონპროექტები უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ცვლილებებს, რომლებიც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს ეხება და რომლებითაც კიდევ უფრო მკაცრდება კანონმდებლობა საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ.

ორგანიზაციის შეფასებით, „აშკარაა, რომ ინიციირებული ცვლილებები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”.

SJC მიუთითებს, რომ რამდენიმე ეტაპად განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს”.

ორგანიზაცია წერს:

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება აქციის მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ უნდა იქნას განხილული როგორც უკიდურესი ზომა, პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით. სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პროტესტის მონაწილეების მიმართ. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს შეკრების მნიშვნელობა როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.

რამდენიმე ეტაპად განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს.

განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

დანაშაულის შემადგენლობის გაფართოება აშკარად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არამხოლოდ შეკრების ორგანიზატორებსა და განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებზე, არამედ პროტესტის თითოეულ მონაწილეზე ზემოქმედება და მათი დასჯა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ნაცვლად ლეგიტიმური მიზნებისა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება.

სრულად მიტაცებული და პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების, პირველ რიგში კი, სასამართლო ხელისუფლების პირობებში, რომელიც ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების ფუნქციას ვერ ასრულებს, რეპრესიული კანონები კიდევ უფრო მძიმე შედეგებით ემუქრება საპროტესტო პროცესებში ჩართულ მოქალაქეებს”.


ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრები დემონტრანტების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებენ.

„ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული დაჩქარებული პროექტით, ცვლილებები შედის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
  • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

  • მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

 უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს: 

ა) იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;

ბ) იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

ზ) მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

რა შემთხვევაში შეუძლია შსს-ს შეწყვიტოს აქცია? 

დღეს მოქმედი რედაქციით, [მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვით, პიროტექნიკის ქონით] მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს.

შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.