SJC: პარტიების აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ECHR-ის პრაქტიკას, დემოკრატიის პრინციპებს

პუბლიკა

2025 წლის 27 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეჟიმთან დაპირისპირებული ძალები „როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.

31 მარტს პარლამენტის ბიურომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალა წამყვან (იურიდიულ) კომიტეტს, რომ დაიწყოს კანონპროექტის განხილვის პროცედურები.

14 აპრილს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს.

დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტი რეალურად ორ ცვლილებას ითვალისწინებს.

ერთ-ერთია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლების გაფართოება, რაც SJC-ის შეფასებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ოცნების“ მიერ ინიციირებული პირველი ცვლილება შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლს, რომელსაც მე-2 პუნქტი ემატება. კანონის 36-ე მუხლის მოქმედი რედაქცია თითქმის ზუსტად იმეორებს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის , აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“.

ერთადერთი განსხვავება, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონშია, ეხება აკრძალვის საფუძვლების ჩამონათვალში „შეიარაღებული ფორმირების შექმნის” თაობაზე მითითებას.

თუმცა, ეს სხვაობა უფრო ტექნიკური ჩანს, ვიდრე არსებითი, და იმით აიხსნება, რომ კანონში ჩარჩენილია კონსტიტუციის ბოლო (2017-2018 წლების) გადასინჯვამდე არსებული ფორმულირება, რომელიც დამატებით სწორედ ამ საფუძველზეც მიუთითებდა.

კერძოდ, კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციაში აღნიშნული იყო, რომ „დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა“.

ინიციირებული კანონპროექტით, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას)“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღება პოლიტიკურ პარტიებზე „ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის“ განხორციელებას ემსახურება. კანონპროექტის ლოგიკა საკმაოდ მარტივია.

ის ეყრდნობა დათქმას, რომ თუ სასამართლო კრძალავს პარტიას მაგალითად ეთნიკური შუღლის გაღვივების არგუმენტით, არსებითად მსგავსი სხვა პარტიის აკრძალვა ავტომატურად, სწრაფი პროცედურებით უნდა მოხდეს. ნორმატიულ დონზე ეს „არსებითი მსგავსება“ ეფუძნება „გაცხადებული მიზნის” ან/და „საქმიანობის არსის” კრიტერიუმს, რომელიც, ასევე მოიცავს პარტიული სიის მსგავსებას. კერძოდ, თუ სასამართლო აკრძალავს „ა” პარტიას და ამასთანავე ჩათვლის, რომ „ბ” პარტიის პარტიულ სიაში ფიქსირდება ინდივიდების თანხვედრა საკმარისი (გაურკვეველია კონკრეტულად რამდენი ჩაითვლება „საკმარისად“ ამ მიზნებისთვის) ოდენობით, ეს ორი პარტია ჩაითვლება ‘არსებითად მსგავსად’, რაც „ბ” პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიუთითებს, რომ ეს ახალი ნორმატიული სქემა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს, რომ „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

„ბუნებრივია, დათქმა ორგანულ კანონზე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ გზით უნდა გაიწეროს პარტიის აკრძალვის პროცედურული წესები და საფეხურები. თუმცა, ეს დათქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს პარტიის აკრძალვის ახალი საფუძვლის შემოღებას, რადგან ისინი ამომწურავადაა ჩამოთვლილი კონსტიტუციის მიერ. ამდენად, რეალურად, კანონპროექტით პარტიების აკრძალვის სწორედ ახალი საფუძველი დგინდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს, რომ შეაფასოს არა კონსტიტუციით გაწერილი საფუძვლების არსებობა კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ახალი საფუძვლის – ორი სხვადასხვა პარტიის გაცხადებული მიზნების ან/და საქმიანობის არსის თანხვედრა. თავის მხრივ კი დასახელებული ტერმინები ბუნდოვანია და თვითნებური შეფასების ფარგლებს ტოვებს.

თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ის კონსტიტუციის გვერდის ავლით პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ხდის შესაძლებელს. ის შეფასების კრიტერიუმად ადგენს არა პარტიის მიერ კონსტიტუციით აკრძალული ქმედების განხორციელების მიზანს, არამედ მის “მსგავსებას” სხვა პარტიის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს“, – წერს ორგანიზაცია.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის შემჭიდროებულ ვადებში განხილვა და სტანდარტის რადიკალური გაუარესება

მეორე ცვლილება კანონში შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის განხილვის ვადების შემჭიდროება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, პარტიის აკრძალვის ან პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იყოს სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში, ხოლო საარჩევნო პერიოდის დროს, 36-ე მუხლის ახალი, მე-2 პუნქტის, შემთხვევაში (ე.წ. მსგავსი პარტიის აკრძალვა) კი – მაქსიმუმ 14 დღეში.

SJC წერს:

„ზოგადად, კონსტიტუციის მიერ პარტიის აკრძალვის ჩამოთვლილი საფუძვლები თითოეული ამ გარემოების დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ეს გულისხმობს პარტიის საქმიანობის, კავშირების, წესდების, ოფიციალური თუ არაოფიციალური გზებით პარტიული მიზნების მიღწევის გამოკვლევას და სხვა. დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიების როლისა და მნიშვნელობის შესახებ თავად კონსტიტუციური დანაწესის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებისა და მტკიცებულებების განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა გამოირჩეოდეს.

ამ ფონზე, კანონპროექტს შემოაქვს საფუძველი, რომელიც პარტიის გაუქმებას ორ კვირაში ხდის შესაძლებელს. ამით არა მხოლოდ ახალი საფუძველი, არამედ აკრძალვის რადიკალურად გაუარესებული სტანდარტი დგინდება.

საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების როლი და პარტიული პლურალიზმის მნიშვნელობა ცხადადაა ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციით. მე-3 მუხლი დემოკრატიას განმარტავს ხალხის მიერ ძალაუფლების დაფუძნებად მისი წარმომადგენლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ფორმებით.

ამ პროცესში პარტიებს ცენტრალური როლი აქვთ, რამდენადაც ისინი „მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

ამდენად, დემოკრატიული წეს-წყობილების დაცვაში პოლიტიკური პარტიების არსებობასა და მრავალფეროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათი აკრძალვა კი მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, უკიდურესი საჭიროების დროს, ცხადი და სპეციფიკური პროცედურებისა და შეფასების კრიტერიუმების პირობებში შეიძლება მოხდეს. წარმოდგენილი კანონპროექტი არც ერთ ამ პირობას არ ითვალისწინებს და პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებულ სამართლებრივ რეჟიმს აუარესებს“.

პარტიების აკრძალვა, როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების დაცვის უკიდურესი საშუალება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, მკაცრი ტესტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას მის აბსოლუტურ აუცილებლობაზე იმ საფუძვლებით, რომლებიც ვიწროდ არის ფორმულირებული კანონში და მიემართება კონკრეტულად იდენტიფიცირებულ საფრთხეებს დემოკრატიისა და სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის.

აუცილებელი პირობაა, რომ გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ მიღებულია სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილ საფრთხეებს კონკრეტული პარტიის პასუხისმგებლობას, არა რაიმე ბლანკეტური ტესტით, არამედ მტკიცებულებების საფუძველზე დაუკავშირებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე საქმეა, რომელზეც სასამართლომ პარტიის აკრძალვისას დარღვევა არ დაადგინა. თუმცა, ამ საქმეებში განვითარებული მსჯელობაც ხაზს უსვამს, რომ პარტიის აკრძალვა მხოლოდ საგამონაკლისო ღონისძიებაა.

პარტიის აკრძალვა დაშვებულია მხოლოდ მკაფიო კანონის საფუძველზე, რომელსაც რეტროაქტიური ეფექტი არ აქვს.

SJC-ის შეფასებით, დაანონსებულ ცვლილებებში პრობლემურია, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ახალი საფუძვლის შემოღება, რომელიც ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციული პასუხისმგებლობების აღრევას ახდენს.

„ქართულ კანონპროექტში პარტიის საქმიანობის პოტენციურ აკრძალვას წინ არ უძღვის მისი წევრი ინდივიდუალური პოლიტიკოსების ცოდნა, რომ მანამდე ისინი აკრძალულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.

შესაბამისად, არ არსებობს არც აკრძალვის შემდგომ ახალი პარტიის დაფუძნების და არც აკრძალული საქმიანობის გაგრძელების მიზნის ელემენტები.

უფრო მეტიც, საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონტექსტში მიმდინარე განხილვებში ქართული ოცნება იყენებს იმ მაგალითებსა და საქმეებს, რომელიც უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკოსების სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს, რომელშიც ისინი ჩართულები იყვნენ არა პარტიული, არამედ საჯარო უფლებამოსილებების ფარგლებში, ზოგჯერ არჩევნების გზით მიღებული ლეგიტიმაციისა და მანდატების ფარგლებში და მათი საქმიანობა კონკრეტულ პოზიციებზე არ მიემართებოდა პარტიულ მუშაობას, როგორც ასეთს და მათ ქცევაზე პარტიულ ორგანიზაციას შეუძლებელიც კია ჰქონოდა ზემოქმედება“, – წერს ორგანიზაცია.

SJC ასევე ხაზს უსვამს, რომ პარტიების აკრძალვის კანონპროექტი „ეფუძნება აბსოლუტურად ბუნდოვან და პრინციპულად პრობლემურ კრიტერიუმს – პარტიული სიის შემადგენლობის მსგავსებას“.

„მსგავსების“ საკითხისთვის საჭიროა აკრძალული მიზნების, ფაქტობრივი საქმიანობისა და პოლიტიკური გეგმების თანხვედრა. უბრალოდ პერსონალების დამთხვევა არ შეიძლება, აკრძალვის კრიტერიუმად ავტომატურად გამოდგეს.

„ამასთან, გაუგებარია, რამდენი ადამიანი ჩაითვლება საკმარის ოდენობად, და რამდენი – არა. კიდევ ერთხელ: ეს პირობაც განუზომლად ზრდის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში პარტიის აკრძალვის საფუძვლებსა და შესაძლებლობას, რაც არ გამომდინარეობს კონსტიტუციის 23-ე მუხლიდან.

საკონსტიტუციო სასამართლო — კიდევ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც პოლიტიკურად დაიქვემდებარა რეჟიმმა

SJC-ის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ბუნდოვანი და კონსტიტუციის გაუთვალისწინებელი საფუძვლების შემოღება ორმაგად პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც პარტიის აკრძალვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს, რომელიც უკვე დიდი ხანია, არსებული პოლიტიკური რეჟიმის სამსახურშია ჩამდგარი და კონსტიტუციურ კონტროლს სწორედ რეჟიმის სასარგებლოდ და კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ბოროტად იყენებს.

„საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი პირველი კონსტიტუციური ორგანო იყო, რომლის მიტაცება „ქართულმა ოცნებამ“ მისი პირველი ვადით მმართველობის პერიოდში სცადა და მიზანს საბოლოოდ მომდევნო წლების განმავლობაში მიაღწია. „ქართული ოცნების“ ტაქტიკა ეყრდნობა იმ მეთოდებს, რომლებიც თანამედროვე ავტორიტარულმა რეჟიმებმა შექმნეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების არადემოკრატიული და არალიბერალური მიზნებით სათავისოდ გამოყენების მეშვეობით“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასკვნის, რომ: 

პარტიების აკრძალვის კანონპროექტი ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ ოპოზიციასა და კრიტიკულ აზრზე წარმოებული მრავალმხრივი ლეგალისტური შეტევისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან მას პარტიის გაუქმების ახალი საფუძველი და გამარტივებული პროცედურები შემოაქვს.

დაანონსებული ცვლილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც, რომელიც პარტიის აკრძალვას მხოლოდ უკიდურეს გარემოებებში უშვებს, დემოკრატიული წესრიგისადმი აშკარა საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ცვლილებებით ხდება ინდივიდუალური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობების აღრევა, ხოლო პარტიის აკრძალვა დასაშვები იქნება ჰიპოთეზურ საფრთხეზე მითითებით. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი შეუსაბამოა როგორც ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ სასამართლო პრაქტიკასთან.

ამ პროცესში ასევე აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, მისი პოლიტიკური დაქვემდებარების, კონტროლისა და მის მიერ დადგენილი იურისპრუდენციის დეგრადაციის პირობებში, ვერ შეძლებს დემოკრატიის დაცვისა და ავტოკრატიზაციის შეკავების კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას.

უფრო მეტიც, ის შეიძლება აღმოჩნდეს ცენტრალური რგოლი ავტოკრატიზაციის იურიდიულ გაფორმების პროცესში საქართველოში.

ამდენად, „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოადგენს დემოკრატიული მოწყობისა და კონსტიტუციური წესრიგიდან მკვეთრ დევიაციას და მისი მიტაცების მცდელობას.

მისი ლოგიკა ეფუძნება არაგამჭვირვალე, ორმაგად განმარტებად და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილ დებულებებს.

კანონპროექტი მკვეთრად ასუსტებს იმ კონსტიტუციური ჩარჩოს, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლებებს მაღალი სტანდარტით იცავს, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოლიტიკური პლურალიზმისა და კონკურენციის სივრცეს ქვეყანაში.