SJC: „ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC)  ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას და მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა „კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ „ქართული ოცნება” თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში სრულად უგულებელყოფს დაკავებულების საპროცესო უფლებებს“.

„საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ლაშა ჯიოშვილის დაკავებას ასახავს, ისმის მისი ხმა – „რაღაცას მიდებენ ჯიბეში“. შესაძლოა, სამართალდამცავები ახორციელებდნენ რომელიმე საპოლიციო მოქმედებას, მაგალითად ზედაპირულ დათვალიერებას ან ჩხრეკას, რაც დაკავებულის მხრიდან აღქმული იყო უკანონო ნივთის ჩადების მცდელობად, რადგან როგორც ჩანს, იგი ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. საფუძვლის გაცნობისა და ოქმის შედგენის გარეშე დათვალიერების ჩატარება კი უკანონო და თვითნებურია.

ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ლაშა ჯიოშვილს ათამდე პირი აკავებდა. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ არცერთი დამკავებელი პირის სამართალდამცავებად იდენტიფიცირება ვიზუალურად შესაძლებელი არ ყოფილა; ვიდეოჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ხმა – „პოლიციიდან ვარ”, თუმცა უცნობია დანარჩენი პირების ვინაობა. შესაძლოა, დაკავებულს შეჰქმნოდა შთაბეჭდილება, რომ მას კერძო პირები აიძულებდნენ მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში „ტიტუშკების” მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.

ზოგადად, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და დაკავების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ორგანოებსაც, რომელთა წარმომადგენლებიც სამოქალაქო ფორმას ატარებენ, თუმცა ამ ჯგუფებს შსს, სავარაუდოდ, საჭიროების გარეშე და დამსჯელობითი მიზნით იყენებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია, ცხადია, არსებობს საპატრულო პოლიციის (ფორმიანი სამართალდამცავების) მობილიზების შესაძლებლობა. დემონსტრანტების დაკავებისთვის საპატრულო პოლიციის ფორმიანი წარმომადგენლების ნაცვლად,   კრიმინალური პოლიციის ჯგუფის გამოყენება შესაძლოა, დემონსტრანტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და დასჯის მიზანს ემსახურებოდეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნება” ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმს აქტიურად იყენებს პროტესტის ჩახშობისა და განსაკუთრებულად აქტიური დემონსტრანტების დაშინების მიზნით.

მათი განმარტებით, კანონმდებლობით, პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების საფუძველი და უფლებები, აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან დაკავშირებისა და დაკავების ფაქტის ახლობლებისთვის შეტყობინების შესაძლებლობა.

„ამ მოთხოვნების საპირისპიროდ, დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა არაიდენტიფიცირებადი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავება გატაცებით და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, არამედ დემონსტრანტებზე ზეწოლის გაძლიერების მოტივით აიხსნება”, – წერია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ლაშა ჯიოშვილი;
  • შეისწავლოს მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მოახდინოს მასზე ოპერატიული რეაგირება.

გუშინ გვიან ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.

ფაქტის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა. აქტივისტ თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვინაობის კითხვის შემდეგ ჯიოშვილი ამბობს, რომ „რაღაცას უდებენ ჯიბეში”.

ის ასევე ამბობს, რომ იჭერენ პლაკატის გამო, რომელიც აქციაზე ხელში ეჭირა – „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე” ეწერა პლაკატზე.

ჯიოშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც, მისივე შეფასებით, „აბსურდია“.

მიგინეიშვილის განცხადებით, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.