SJC: საგამოძიებო ორგანო განზრახ არ იძიებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ორგანიზებული საპოლიციო ძალადობის შემთხვევებს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2024 წლის პროტესტების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების გამოძიების არაეფექტიანობაზე შუალედური ანგარიში მოამზადა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, უწყებებში მიმდინარე გამოძიებებისა და ცალკეული გარემოებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანო დაინტერესებული არ არის 2024 წლის გაზაფხულსა და ზამთარში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევებისა და წამების ფაქტების გამოძიებით.

SJC-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფო განზრახ არ იძიებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეფექტიანად და რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უშუალოდ ჩართულია წამებაზე პასუხისმგებელ პირთათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდების პროცესში. მათი თქმით, ამაზე მეტყველებს გამოძიების ხარვეზები და დაგვიანებით ან არჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

„სისტემური დაუსჯელობა, რაც 2024 წლის გაზაფხულის მოვლენებიდან 1.5 წლის, ხოლო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ აშკარად ჩანს, არღვევს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, რომლის შესრულება მას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და უნივერსალური მექანიზმებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (ECHR) აკისრია.

ეს რეალობა ეწინააღმდეგება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ ხასიათს და არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩაატაროს ეფექტიანი, სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება.

გარდა ამისა, დაუსჯელობა ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის არსებობის აუცილებლობას, რაც სახელმწიფოს ავალებსარა მხოლოდ უზრუნველყოს ფორმალური ხელმისაწვდომობა სასამართლოზე, არამედ მისცეს რეალური შესაძლებლობა დაზარალებულებს დაიცვან თავიანთი უფლებები და მიიღონ ადეკვატური რეპარაცია.

როგორც აღინიშნა, გამოძიება ამ დრომდე შედარებით მსუბუქი, „ძალადობით ან იარაღის მუქარით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების სათანადო მუხლით კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საქმის ეფექტიანი გამოძიების კუთხით ადამიანის უფლებათა სამართლის პრიზმიდან, არამედ ასევე არსებითია სასჯელის როგორც სპეციალური, ისე გენერალური პრევენციის მიღწევის მიზნებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამების აკრძალვის პრინციპის რეალური და ქმედითი აღსრულებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ შეცვალოს კვალიფიკაცია იმ საქმეებში, სადაც დანაშაულის მსხვერპლები მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ და გამოძიება წამების, ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით წარმართოს.

2024 წლის არც გაზაფხულის და არც ზამთრის აქციებთან დაკავშირებით, გამოძიებამ ვერ და არ მოიპოვა ისეთი მტკიცებულებები, რაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, მათ შორის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებელ პირებს გამოავლენდა. აღნიშნულ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიებისთვის, მათ შორის, აქციების დაშლის დაგეგმვისა და ცალკეულ დანაშაულის შემცველ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისთვის. მონაცემების არარსებობის საფუძვლით საგამოძიებო ორგანოსთვის მტკიცებულებების სისტემური მიუწოდებლობა, სავარაუდო დანაშაულის, მტკიცებულების განადგურების ნიშნებს შეიცავს, რისი მიზანიც საქმეების ეფექტიანი გამოძიებისთვის ხელშეშლა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაფარვაა.

ნიშანდობლივია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში რეკომენდაცია წარმოდგენილი იყო არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ხელბორკილის დადებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ან პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა შსს-ს მიმართ უწყებას არ გაუცია რეკომენდაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მაიდენტიფიცირებელი ნიშნით/ნომრით მონიშვნაზე. მაშინ, როდესაც თავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, თავის წლიურ ანგარიშში არაერთგზის ნაციტირები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, “Amnesty International” და „Human Rights Watch”, საქართველოში აქციების ძალდობრივი დაშლის კონტექსტში ადამიანის უფლებათა კრიზისზე და წამებაზე, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე ანგარიშებს აქვეყნებენ, თავად სპეციალური საგამოძიებო სამსახური, კონკრეტულად 2024 წლის პროტესტებზე დაკავებულ პირთა მიმართ სისტემურ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების დეტალებსა და გამოწვევებს მხოლოდ 1 გვერდში აჯამებს, და არც კი ახსენებს დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის საკითხს. საგამოძიებო უწყება დუმდა იმ საქმის გარშემოც, სადაც ადამიანის სასტიკად ცემაში პასუხისმგებელი პირი მაღალი გარჩევადობითაა აღბეჭდილი საჯაროდ გავრცელებულ კადრებში.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფარგლებში არსებობდა, ზედიზედ ორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, რომლებიც მეტნაკლები ინსტიტუციური ავტონომიით სარგებლობდნენ, სახელმწიფო აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოძიება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს ფორმალურადაც კი აღარ წარმოადგენს. ეს კი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუარესებაზე, ხოლო, მეორე მხრივ,, სამართალდამცავების ანგარიშვალდებულების ინსტიტუციური გარანტიებისა და ხარისხის განადგურებაზე მიუთითებს.

თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 25 ნოემბერს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ჩატარებული არ არის და ყურადღება არ არის გამახვილებული გამოძიებისათვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე.

შესაბამისად, აშკარაა, რომ საგამოძიებო უწყება არათუ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების გარანტორი არ არის, არამედ თავად წარმოადგენს დაუსჯელობის არქიტექტურის ერთ-ერთ რგოლს. საგამოძიებო ორგანო ზოგჯერ უმოქმედობით, ზოგჯერ კი აქტიური ქმედებით, თავად იღებს პასუხისმგებლობას, რომ დამნაშავე პირები არ დაისაჯნონ და არ წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, უნდა მივიჩნიოთ, რომ საგამოძიებო ორგანო პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში მოქმედებს, არ ხელმძღვანელობს სამართლის უზენაესობის პრინციპით და განზრახ არ იძიებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ორგანიზებული საპოლიციო ძალადობის შემთხვევებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გამოეთხოვა დამატებითი დეტალები სხვადასხვა სახელმწიფო-საბიუჯეტო დაწესებულების ბალანსზე არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ხარვეზიანად მუშაობის და ამ კამერების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ, ან არ დაინტერესებულიყო საპროტესტო აქციების დროს მწყობრიდან გამოსული და ხარვეზით მომუშავე ხელის რადიოსადგურებით, ე.წ. რაციებით, და არ მოეკვლია მათ ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს საგამოძიებო უწყებებისა და პროკურატურის განზრახ ქმედებაზე, რომ პასუხისმგებლობა აარიდონ იმ სამართალდამცავებს, რომლებიც ასრულებენ ზემდგომთა დავალებას და მონაწილეობენ მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობაში, განსაკუთრებით კი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად სენსიტიურ საქმეებში.

„ამავე მექანიზმის ნაწილად უნდა განვიხილოთ სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებაში ჩართული სამართალდამცავების, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა არაღჭურვა მაიდენტიფიფირებელი ნომრით ან ნიშნით. სამართალდამცავთა იდენტიფიცირების შეუძლებლობა, მათთვის სწორედ დაუსჯელობის გარანტიის მიცემას ემსახურება და არ არის გამოწვეული რაიმე ობიექტური გარემოებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ადგილობრივი უფლებადაცვითი ინსტიტუციების შეფასებების მიუხედავად, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საიდენტიფიკაციო ნიშნით არ აღჭურვა, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – ნიშნებს და მოითხოვს ამ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუყოვნებლივ დღის წესრიგში დაყენებას.

დაუსჯელობის კლიმატი სტრუქტურული გამოწვევაა, რომელიც ქმნის ძალადობის გამეორების პირობებს, ხელს უწყობს სახელმწიფოს ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას და ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც საბოლოოდ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს მთლიანობაში“, – ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.

ორგანიზაცია სხვადასხვა უწყებას სათანადო გამოძიების დაწყებისა და სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.