SJC: სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა. ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმე ცინცაბაძის საქმეების ჯგუფში გაერთიანდა და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.

მათი ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილებით, კომიტეტი საქმის აღსრულების პროცესს პერიოდულ სხდომებზე შეაფასებს, ხოლო სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს ამ სხდომების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახავს – კომიტეტის მომდევნო სხდომა 2024 წლის 12-14 მარტს გაიმართება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რვა თვის შემდეგაც, სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას.

„მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არაერთგზის მიმართვისა, სამსახური თავს არიდებს საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას. გარდა ამისა, 2023 წლის 11 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოთხოვნილ იქნა მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გამოძიების განახლების შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც გამოძიების ცენტრალური საკითხის – სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების – დადგენას შეუწყობს ხელს.

მათი შეფასებით, ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში გამოვლენილი ხარვეზებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების აღსასრულებად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ხელახალი გამოძიების დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების აღსადგენად.

„ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი სამოქმედო გეგმა დუმს იმის თაობაზე, გადადგა თუ არა სახელმწიფომ რაიმე ნაბიჯი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის გარდა; ანდა აპირებს თუ არა რაიმე სხვა ღონისძიების განხორციელებას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების განახლების გაჭიანურება მისი პროკურატურისგან რეალური დამოუკიდებლობისა და მისი ეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აღრმავებს. მათი განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სამსახური ვერ უმკლავდება ისეთ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია, ან მმართველი გუნდის ინტერესები დააზიანოს.

„აღნიშნული კი ადასტურებს იმ საფრთხეების რეალურობას, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და არადემოკრატიული პროცესით გაუქმების და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნისას მიუთითებდნენ. კერძოდ, კი იმის თაობაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამოუკიდებლობის რეალური და ინსტიტუციური გარანტიების გარეშე შექმნა მის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხს მნიშვნელოვნად დააზიანებდა.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს არამხოლოდ მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს”, – აცხადებენ სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.

ორგანიზაციის განცხადებით, მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი პრობლემები სახელმწიფოს უნდა ავალდებულებდეს განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ცვლილებების რეალურ საფუძველს იძლევა.

ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტის წინაშე ორგანიზაცია ითხოვს საქართველოსთვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების დაკისრებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, ხელს შეუწყობს სუს-ის შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვანი ჩატარება და მაჩალიკაშვილების ოჯახის ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიების პროცესში.