სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, მან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვრცელი დასაბუთებული წერილით მიმართა და საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ხელშეწყობისთვის საჭირო პოზიტიური და სისტემური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით”, 2024 წლის 2 თებერვალს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ქრისტიანმა სასულიერო პროცესის დროს, საკლასო ოთახები აკურთხეს და კედლებზე ჯვრები გააკრეს. პროცესში მონაწილეობას სკოლის დირექტორიც იღებდა და ამის შესახებ მასწავლებლების კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული.
„საგულისხმოა, რომ წალკის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია. სოფელ არწივანში ცხოვრობენ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, რომელთა დიდი ნაწილი მუსლიმია. სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა მომხდარზე და სამართლებრივი რეაგირება მოახდინა“, – ნათქვამია SJC-ის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აღნიშნული საკითხის შესწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მალევე დაიწყო და რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაში სკოლის დირექტორის მხრიდან ზოგადი განათლების კანონის მოთხოვნების დარღვევაც დაადგინა.
SJC-ის ინფორმაციით, სამინისტრომ მომხდარზე რეაგირება სკოლას მოსთხოვა და არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლაში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.
SJC-ის განცხადებაში განხილულია საჯარო სკოლებში პროზელიტიზმისა და რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკის მაგალითები სახალხო დამცველის ანგარიშებში.
„სამწუხაროდ, საჯარო სკოლებში პროზელიტიზმი და რელიგიური ინდოქტრინაცია კვლავ განგრძობად პრაქტიკად რჩება. იმავე პრობლემაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. სახალხო დამცველი რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის კონკრეტული შემთხვევებს აღწერს. კერძოდ 2021 წელს, ქვემო ქართლის ორ საჯარო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოსა და „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ინიციატივით საგაკვეთილო ციკლი „სამშობლოსმცოდნეობის“ იქნა შემოღებული, რომელიც მკვეთრად მართლმადიდებლური კონფესიური შინაარსითა და საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების უარყოფით ხასიათდებოდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პროზელიტიზმს პრობლემად ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც. საბჭო აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – ხშირია რელიგიური რიტუალების აღსრულება გაკვეთილებზე, მათ შორის ლოცვა სწავლის დაწყების წინ, აკადემიურ დროს სასულიერო პირების სკოლაში მისვლა და მოსწავლეების დალოცვა, კურთხევა და ქადაგება. ასევე, სკოლის ტერიტორიებზე არსებობს სამლოცველო კუთხეები და ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის მარეგულირებელი სხვადასხვა აქტები მოქმედებს, რომელიც ექსპლიციტურად კრძალავს საჯარო სკოლებში რელიგიურ ინდოქტრინაციას, პროზელიტიზმსა და დისკრიმინაციას.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის აკრძალვის მოთხოვნა გათვალისწინებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსებითაც.
„ადგილობრივი საკანონმდებლო მოწესრიგების მიღმა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპის მნიშვნელობას იზიარებენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI),ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა საბჭო და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი თვლის, რომ იმის გამო, რომ ექსპლიციტური საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, საჯარო სკოლებში კვლავ ხშირია რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემთხვევები, შესაბამისად, არსებითია, სახელმწიფომ პროაქტიული მიდგომებით და სისტემური ინტერვენციებით ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური და თანასწორი საგაკვეთილო და სოციალური გარემოს მშენებლობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოუწოდებს:
-
საჯარო სკოლებში (პრიორიტეტულად კი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო სკოლებში) პროაქტიულად შეისწავლოს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შესაძლო შემთხვევები და ტენდენციები და მათი გავლენა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებებსა და ინკლუზიაზე;
-
პრობლემის შესწავლის პროცესში გაითვალისწინოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან კონსულტაციების გავლის მნიშვნელობა;
-
კვლევის და შესაბამის სამოქალაქო აქტორებთან კონსულტაციების საფუძველზე გაატაროს პროაქტიული და სისტემური პრევენციული ღონისძიებები საჯარო სკოლებში (პრიორიტეტულად კი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო სკოლებში) ინკლუზიური, თანასწორი და რელიგიურად ნეიტრალური გარემოს შესაქმნელად. ამისთვის მათ შორის მნიშვნელოვანია, 1. სამინისტრომ აქტიურად აამაღლოს სკოლების ადმინისტრაციის და მასწავლებლების ცოდნა და სენსიტიურობა ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისი მოთხოვნებისა და უფლებრივი სტანდარტების შესახებ; 2. შეიმუშაოს მნიშვნელოვანია საჯარო სკოლებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი და მხარდამჭერი პოზიტიური პროგრამებით ხელი შეუწყოს სკოლებში მის თანმიმდევრულ დანერგვას; 3. საჯარო სკოლებში წაახალისოს მულტიკულტურული პროგრამები და პროექტების განხორციელება, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ისე ადგილობრივი თემი.