„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით გამოყენების უკანონობაზე იდავებს.
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შსს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, გზის გადაკეტვის საქმეებზე, 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების მეშვეობით აჯარიმებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი არ გაუვრცელებია რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაულისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას არ არღვევს იმ ხარისხით, რაც პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებულად სენსიტიური მონაცემების მასშტაბური დამუშავების საჭიროებას გამოააშკარავებდა. ადმინისტრაციული ჯარიმების გამოსაწერად ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ტექნოლოგია “ქართული ოცნების” ხელში არსებულ კიდევ ერთ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან ერთად, მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევას ისახავს მიზნად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული რამდენიმე პირის სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და წარმოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც გზის გადაკეტვის საქმეზე შსს ფოტო-ვიდეო მასალების შემცველ მასალებს ჩააბარებს, საკუთარი უფლებების დასაცავად და მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართონ. ეროვნულ დონეზე ამ განცხადებების სამართლებრივი შედეგის მიუხედავად, ამგვარი მიმართვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თაობაზე დავა, მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია და განცხადებას თან ურთავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვის ფორმას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.