SJC: სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი შეკრების თავისუფლებაში უხეში ჩარევაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შსს-ს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შეკრების ლიდერების დაკავება პროტესტის დასუსტებას ემსახურებოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებითია, მოქალაქეებს მიეცეთ შეკრების სწორედ სამინისტროს შენობის წინ გამართვის შესაძლებლობა, რადგან პროტესტის ფორმა ამ შემთხვევაში უშუალოდ არის დაკავშირებული პროტესტის შინაარსთან და უკმაყოფილების სწორედ პროტესტის ადრესატის წინაშე გამოხატვა შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის გამართა არ გამოიწვევდა შენობის ბლოკირებას, მით უფრო, შაბათ დღეს, როდესაც სამინისტრო არ ფუნქციონირებს. ამასთან, დაუშვებელია კარვის გამოყენების შესაძლებლობის ბლანკეტური შეზღუდვა, რომელსაც ბოლო პერიოდში პოლიცია მასობრივად იყენებს. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას. მოცემულ შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ასეთი პირობები არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამართალდამცავების მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.

„მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ჯეროვნად დაიცვას შეკრების თავისუფლება და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნები;
  • დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია დაკავების საფუძვლების და აქტივისტების ადგილსამყოფელის შესახებ;
  • დაკავების ერთი შეხედვით (prima facie) აშკარად დაუსაბუთებელი გარემოებების გათვალისწინებით, გაათავისუფლოს დაკავებული პროტესტის მონაწილეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარდ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მივიდნენ და ეზოში ეზოში შესვლა სურდათ.

აქციის მონაწილეების დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც აქციის მონაწილეები სამინისტროსთან ცდილობდნენ.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, სამინისტროს ეზოს მიმდებარედ კარავი მაინც გაიშალა. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაატარეს.

ისინი მოითხოვენ ვარლამ გოლეთიანის და კიდევ 10 დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49-წლიანი ლიცენზია.

სწორედ ამ მოთხოვნით გადმოინაცვლა აქციამ რაჭიდან თბილისში.