SJC: სასამართლომ აფგან სადიგოვის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის გათავისუფლების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

ორგანიზაციამ სასამართლოს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.

სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლო 11 მარტს მიმართა და სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებდა, რომ ვინაიდან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია ევროპული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ვეღარ განხორციელდებოდა, საექსტრადიციო პატიმრობის საბოლოო ვადა კი ძალიან მალე, 3 მაისს იწურება (ამ პერიოდში მისი ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო და არსებით გადაწყვეტილებას კი ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს), აუცილებელი იყო მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება ან პატიმრობის სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიებით (გირაო) შეცვლა.

წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 12 მარტს და ზეპირი განხილვის გარეშე, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. მოსამართლის შეფასებით, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. სასამართლოს შეფასებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიემართება ექსტრადიციის შეჩერებას და არა მის აკრძალვას, ამიტომაც იგი ვერ განიხილება ახალ არსებით გარემოებად“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

„17 მარტს მიღებულ განჩინებაში მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაზე. სასამართლოს თქმით, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ექსტრადიციის შეჩერება ან შესაძლო აკრძალვა, რატომ განაპირობებს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჭიროებას, მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ აფგან სადიგოვი მიემალება მართლმსაჯულებას.

არცერთმა სასამართლომ არ იმსჯელა საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და გამოსადეგობის საკითხზე, აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ თუ ექსტრადიციის მიზანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე პრაქტიკულად ვერ შესრულდება და ამდენად აღარც არსებობს, რამდენად აუცილებელია საექსტრადიციო პატიმრობის, როგორც სწორედ ექსტრადიციის უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენება/შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოებს არ უმსჯელიათ, აფგან სადიგოვის პატიმრობაში დატოვება ხომ არ გამოიწვევდა მის მიმართ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების უხეშ, გაუმართლებელ და არაპროპორციულ დარღვევას“, – წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ორივე ინსტანციის მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის საქმეზე ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სრულ განაცხადში ასევე იდავებს საექსტრადიციო პატიმრობაში მისი დატოვების ზემოთ აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებებზე.

ორგანიზაცია სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სადიგოვმა 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.

„შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ #18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებამ უზრუნველყოს აფგან სადიგოვის სათანადო კვება და მისთვის სასურველი საკვების მიწოდება, ასევე უზრუნველყოს საჭირო ვიტამინებით გაძლიერება და სპეციალური მხარდაჭერა ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა და იყო იმდენად დასუსტებული, რომ გადაადგილება უჭირდა და ეტლით სარგებლობდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, – წერს ორგანიზაცია.