„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების უფლებების დარღვევას ადგენს.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ საქმეში სასამართლოს განმარტება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოში მოქმედი რუსული კანონი ანალოგიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. SJC წერს, რომ „შესაბამისად, ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმეზე ევროპულ სასამართლოში იგივე შედეგი დადგება“.
ორგანიზაცია აფასებს სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებასაც და ამბობს, რომ პაპუაშვილის განცხადება განსაკუთრებით მანიპულაციურია და არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოს განმარტებასთან.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ ევროპული სასამართლო ცხადად გამოხატავს პოზიციას აგენტების კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებიც აგრეთვე არის განსაზღვრული ქართული ოცნების მიერ მიღებულ „რუსულ კანონში“. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს უკვე ჰქონდა შეფასებული „აგენტების“ კანონის ძირითადი პრობლემები, ახალ გადაწყვეტილებაში განმეორებით გაუსვა ხაზი რამდენიმე საკითხს:
- კანონის მასტიგმატიზირებელი ეფექტი – სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების „უცხოურ აგენტებად“ დასახელება არამარტო გაუმართლებელი და ხელისშემშლელი იყო მათი საქმიანობისთვის, არამედ, მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტიგმატიზირებელი ეფექტიც ჰქონდა.
- აუდიტისა და ანგარიშგების მოთხოვნები – სასამართლოს განმარტებით, ანგარიშგებისა და ხშირი შემოწმების ვალდებულება განმცხადებელ ორგანიზაციებს არაპროპორციულ ფინანსურ და ორგანიზაციულ ვალდებულებას უწესებდა, რაც გამჭვირვალობის მომეტებული საჭიროებით ვერ აიხსნებოდა.
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – სასამართლოს შეფასებით, პირადი მონაცემების რეესტრში გასაჯაროება „უცხოური აგენტის“ მასტიგმატიზირებელ იარლიყთან ერთად, უნდა ჩაითვალოს განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად“, – ამბობს SJC.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონიც პრობლემურად აქვს შეფასებული თანაზომიერების პრინციპის დარღვევის გამო.
„ევროპული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა აქვთ ანტიდემოკრატიული ნორმატიული აქტების მიმართ და შესაბამისად, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “რუსული კანონი” ცალსახად არის როგორც დემოკრატიის დამაზიანებელი, აგრეთვე გადაულახავი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერია განცხადებაში.