SJC: სუსის პოლიტიკა ემსახურება მოქალაქეთა დაშინებას და არა - უსაფრთხოების დაცვას

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკა „ემსახურება არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, არამედ საზოგადოებრივი პროტესტის სივრცეების შეზღუდვას და იმ ადამიანების დაშინებას, რომლებიც მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივიზმსა და სხვადასხვა ღონისძიებებში”.

ორგანიზაცია სუსის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უწყებამ USAID „რევოლუციური სცენარისა და სახელმწიფოს ჩამოშლის შესახებ” ტრენინგის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

SJC მიიჩნევს, რომ:

„სუსი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ტოტალურ კონტროლს და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებას, რასაც თავდაპირველად, ემსახურებოდა მარტში, ე.წ. „რუსული კანონის“ დაინიცირება. გარდა ამისა, უწყება ცდილობს ამ კონსპირაციაში ჩაითრიოს ის დასავლური ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას”.

ორგანიაცია ეხმაურება ქართული ოცნების ინიციატივასაც, ცვლილებები შევიდეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დროებითი კონსტრუქციების გაშლა გართულდეს.

„მოსალოდნელი ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის”. – აცხადებს SJC და დასძენს:

„საზოგადოებაში აქტივიზმის შიშის დამკვიდრებას ემსახურებოდა ჯერ სერბი ექსპერტების გამოკითხვაზე სუს-ში დაბარება, ხოლო შემდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მათი ფარული ვიდეო-ჩაწერა. მსგავსი სპეკულაციური განცხადების პირობებშიც კი, ცალსახაა, რომ სუსის გამოძიებას სამართლებრივი შედეგები დღემდე არ მოჰყოლია და მისი მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მხოლოდ დაშინებას ემსახურება”.

ორგანიზაციის განცხადებით, დაუშვებელია, არაძალადობრივი წინააღმდეგობისა და პროტესტის ფორმების შესახებ საგანმანათლებლო მიზნებისთვის წარმართული დისკუსიები სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხად და „მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებისთვის“ საფრთხის შემცველად განიხილებოდეს.

„სუს-ის მიერ მსგავსი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაშინებით შეაკავოს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და შეუზღუდოს როგორც მოქალაქეებს, ასევე ცალკეულ ორგანიზაციებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ეს კი მაშინ, როდესაც დღემდე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის სუს-ში წარმოებული სავარაუდო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მიერ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, ე.წ. „ეფესბეს“ გავლენით, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა”. – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.