SJC: თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ვადების ათვლასთან და მომავალ პროცედურებთან დაკავშირებით მსგავსი განმარტება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მისცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით.


თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს.

შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.