SJC: წულუკიანის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა 

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, გელათის დაზიანების ფაქტზე  შესაძლოა  სამოხელეო დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოიკვლია საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის მიერ დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაცია, შედეგად კი, ორგანიზაციის თქმით, გამოიკვეთა, რომ 2021-22 წლებში გელათის კედლის მხატვრობაზე განხორციელებულმა ჩარევებმა „შეუქცევადი ზიანი გამოიწვია”.

თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი  ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.

მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით.

მინისტრი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით ინფორმირებული იყო იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ძეგლზე განხორციელებულ ჩარევებს მოჰყვებოდა, თუმცა პროცესი 2022 წლის შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა. შედეგად, ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

ამასთანავე,  ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე იყო. შესაბამისად, უფლებამოსილების ამგვარი კონცენტრაციით  სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს თეა წულუკიანის მიერ გელათში მიმდინარე რეაბილიტაციის მიმართ პარლამენტში გაკეთებული კრიტიკული შეფასებების შემდეგ ის მინისტრად დაინიშნა. „ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის თემად უკვე ქცეულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი ალტერნატიულ დასკვნებს გაიზიარებდა, იგი ძეგლის გამოშრობას მინიმუმ 3-5 წელი უნდა დალოდებოდა, რა შემთხვევაშიც კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემის – გელათის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხი დროში გაჭიანურდებოდა”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების მიხედვით, სწორედ კულტურის სამინისტროს ამოცანაში შედის კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება/წარმართვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენა. ასევე, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტრო ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ამასთანავე, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას.

მეცნიერები, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურას, გამოძიება დაიწყოს შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და გამოძიება აწარმოოს ობიექტურად, წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც გამოძიების ინტერესებს არ დააზიანებს.