SJC: წულუკიანის სახლთან პროტესტისთვის ადმინისტრაციული საქმის წარმოება გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოების დაწყებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს საქმე რეპრესიული კანონმდებლობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა.

გუშინ, 23 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზე ორი მოქალაქე – ალბი კორძაია და ბექა პაპაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარა.

12 აპრილს მოქალაქეები პროტესტის ნიშნად თეა წულუკიანის სახლთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ათეულობით წარმომადგენელი წულუკიანის სახლთან შეკრება მას შემდეგ დაანონსდა, რაც მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში გიორგი ანწუხელიძეს „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ უწოდა.

„გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტად არ დგინდება რომელი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს ალბი კორძაიას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას მას წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძველზე მიუთითეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების საფუძველი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფის მუხლი გახდა.

ნორმა, რომელმაც ეს სამართალდარღვევა შემოიღო,  კოდექსს „ქართულმა ოცნების“ 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაემატა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა პრობლემური. პირველ რიგში, ის ბლანკეტურ, ზოგადი ხასიათის შეზღუდვას აწესებს, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

გარდა ამისა, პრობლემურია, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის განსაკუთრებით მაღალი ოდენობა, რომელიც დარღვევის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით. მკაცრი, მათ შორის, საპატიმრო სახდელის პირობებში კოდექსი, ამ სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებასაც კრძალავს, რაც პროპორციული სანქციის გამოყენების შესაძლებლობას იმთავითვე ზღუდავს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობაში „ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებები კრიტიკულად შეფასა ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა.

ორივე ინსტიტუტის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები და ბლანკეტური შეზღუდვები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან მოდის წინააღმდეგობაში“, – წერს SJC.

რაც შეეხება ბექა პაპაშვილს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მისი გამოხატვა სახელობით თეა წულუკიანს არ მიემართებოდა და ატარებდა განზოგადებულ ფორმას, როგორც ჩანს, შსს-მ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გამოიყენა და მის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო წარმოება.

„განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისგან, რომელიც ახლად შემოღებული სამართალდარღვევაა, წვრილმანი ხულიგნობა უკვე წლებია, აქტიურად გამოიყენება პროტესტის მონაწილეების დასასჯელად.

პარლამენტის წევრის საჯარო განცხადების მიმართ პოზიციის გამოხატვა, თუ ის ძალადობისკენ მოწოდებასა და სხვა მნიშვნელოვან საფრთხეს არ შეიცავს, ცენზურის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი, ვინაიდან პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებულ როლს ასრულებს  დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობის პროცესში”, – წერს ორგანიზაცია.

მათი თქმით, პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას, „ვინაიდან დაცვა, პირველ რიგში სჭირდება არა საყოველთაოდ მოწონებულ და გაზიარებულ იდეებს, არამედ იმ გამონათქვამებს, რომელიც კონკრეტული პირისა თუ საზოგადობის ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი ან შეუარცხმყოფელი იყოს“.