სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”.
„Ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, იმ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელთა სახლებიც თბილისის მერიის რეპრესიულ პოლიტიკას ემსხვერპლა, უმძიმესია. ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებით, საცხოვრისები ტერიტორიაზე დაახლოებით სამი თვის წინ აშენდა და ნგრევას დაქვემდებარებულ, სულ მცირე, 10 შენობაში უსახლკარო ოჯახები უკვე ცხოვრობდნენ. დემონტაჟის შედეგად კი, ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა, ბავშვები, ვეტერანი შშმ პირი და დევნილები, ზამთარში, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
დაზარალებულების თქმით, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მერიის წარმომადგენლები, რომლებიც დილით მოულოდნელად გამოჩნდნენ, გაფრთხილების გარეშე გამოიყვანეს საცხოვრისებში მყოფი ადამიანები და პირადი ნივთებისა თუ სამუშაო იარაღების გამოტანისა და მათი გადარჩენის შესაძლებლობაც კი არ მისცეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის ნაწილი მაღაზიაში იყო წასული და უკან დაბრუნებულებს სახლები დანგრეული დახვდათ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ზამთარში თავშესაფრების დემონტაჟის პირველი შემთხვევა. თბილისის მერიამ 2020 დეკემბერსა და 2022 წლის იანვარშიც დაუნგრია უსახლკაროებს თვითდახმარების მიზნით აგებული თავშესაფრები აფრიკის დასახლებასა და ორხევში, ხოლო 2024 წლის იანვარში თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახი ძალადობრივად გამოასახლა და ქუჩაში დატოვა.
ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ის ფაქტი, რომ ადამიანები საკუთარი პირადი ნივთებისა და ყოველგვარი რესურსების გარეშე, სრულიად დაუცველები დატოვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მსგავსად, თბილისის მერიამ ამ შემთხვევაშიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის წესები უხეშად დაარღვია.
ორგანიზაციის შეფასებით, საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, მერიამ ერთი მხრივ, არაფერი მოიმოქმედა დემონტაჟის შეჩერებისა და ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვების პრევენციისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანებს თავშესაფრები პროცედურული გარანტიების დარღვევით დაუნგრია.
„ერთ-ერთი დაზარალებულის მითითებით, მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საჭიროებები, შემადგენლობა და უსახლკარობის რისკები, არ გაუფრთხილებია მოსახლეობა საცხოვრისის დემონტაჟის შესახებ;
მათთვის არ მიუცია გონივრული დრო საცხოვრისის თვითდემონტაჟისა თუ საკუთარი ნივთების გამოტანისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეუთავაზებია ალტერნატიული საცხოვრებელი ამ ოჯახებისათვის. გამოსახლებისა და სათანადო საცხოვრებლის სტანდარტები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების გამოსახლება, რომელიც მათი ქუჩაში დარჩენით შეიძლება დასრულდეს, დაუშვებელია.
აღნიშნული აკრძალვა კიდევ უფრო მყარია ზამთრისა და ცუდი ამინდის პირობებში. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საბინაო პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, უსახლკაროდ დარჩენის პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, უსახლკარო და არასათანადო საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრისის სერვისებით უზრუნველყოფას გაითვალისწინებდა.
ზემოაღნიშნული სტანდარტების საპირისპიროდ, თბილისის მერია ლეგიტიმურ ახსნას ვერ გვთავაზობს თავშესაფრების მყისიერად ნგრევისა და ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების უგულებელყოფის დასასაბუთებლად, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისები მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იყო აშენებული და სხვათა უფლებების დაცვისა, თუ სხვა მწვავე ლეგიტიმური ინტერესების დასაბუთება გაუჭირდება მერიას”, – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში საბინაო პოლიტიკის არარსებობაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში არ შეიმუშავა სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკა, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრებლის უფლებების რეალიზებას შეუწყობდა ხელს.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული კანონმდებლობა „კვლავ უკიდურესად მწირი და ფრაგმენტულია”.
„არ არსებობს საცხოვრისის სტრატეგია ან/და სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებდა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებსა და სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივებში და რომელიც შექმნიდა ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც გაწერდა ცენტრალური და მუნიციპალური ორგანოებს ვალდებულებებს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მიმართულებით”, – წერს SJC.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების” მუშაობის კორუფციულ, ანტისოციალურ და უსამართლო ბუნებას კიდევ ერთხელ ავლენს – სახელისუფლებო პირამიდის თავში მოქცეული პირებისა და კომპანიებისთვის კანონი პრაქტიკულად არ მოქმედებს და ისინი თავისუფლად ახერხებენ საკუთარი კერძო ბიზნეს ინტერესების რეალიზებას, ხშირად ქალაქის მდგრადი განვითარებისა და აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ღარიბი მოსახლეობისთვის კი სისტემა მხოლოდ რეპრესიული ლოგიკით მუშაობს და სრულად უგულებელყოფს მათ სოციალურ საჭიროებებს, ღირსებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მერიას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების ალტერნატიულ ღირსეულ საცხოვრებელში გადაყვანა;
- უარი თქვას ღარიბების, უსახლკაროების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკაზე და თვითნებური და დაუცველი გამოსახლებაზე და შეიმუშაოს, საბინაო პოლიტიკა, რომელიც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების საცხოვრებელ უფლებებს და საჭიროებებს უპასუხებს.
დღეს მერიამ თბილისის ზღვის დასახლებაში რამდენიმე ნაგებობა დაანგრია.
ადგილზე იმყოფებოდნენ ამ ნაგებობების მფლობელები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ზოგ ნაგებობაში ცხოვრობდნენ და მერიამ მათი დანგრევა ისე დაიწყო, რომ პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს. ეს კომენტარები მათ TV პირველთან გააკეთეს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი TV პირველთან ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობები იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, მერიამ ნაგობობების მფლობელები წინასწარ გააფრთხილა. პატრულის წარმომადგენელს მოქალაქე იქვე, ამ კომენტარის მიცემის დროს უსწორებს, რომ ამ შენობებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, „ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.“
„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც“, – აცხადებს მერია.