SJC:არსებითია, სააპელაციომ არ გააუარესოს ბათუმის მეჩეთის მშენებლობაზე არსებული სტანდარტები

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. SCJ-ის შეფასებით, არსებითია, სააპელაციო სასამართლომ არ გააუარესოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მანამდე დადგენილი უფლებრივი სტანდარტები. ცენტრის თქმით, მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს.

„2023 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების უფლებებზე პრობლემური და სადავო სამართლებრივი განმარტებებით, რომელიც მანამდე ორი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგენილ პროგრესულ სტანდარტებსა და მიდგომებს აურესებს. ამ პირობებში შვიდწლიანი სასამართლო დავა ლოცვის უფლებისთვის კიდევ გრძელდება და რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების მატერიალურ დარღვევასთან ერთად, გაჭიანურებული მართლმსაჯულება მუსლიმი თემის საპროცესო უფლებებების უხეში დარღვევის მიზეზიც ხდება. ბათუმში ახალი მაჩეთის მშენებლობის მოთხოვნა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა, რომელიც ქალაქში სალოცავი სივრცის საჭიროებიდან გამომდინარეობს. მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს, რომელიც უკვე წლებია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების და მათი უფლებების და საჭიროებების დემონსტრაციულ უგულებელყოფას, იერარქიზებასა და არაღიარების ახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ბათუმის მერიამ უგულებელყო მუსლიმი თემის მნიშვნელოვანი ინტერესი რელიგიის თავისუფლების ქვეშ.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე 2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ: 1. აღიარა ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით, ქალაქის იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე მხარე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, განთავსებულია 7 მართლმადიდებლური ეკლესიაა (მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) და შესაბამისად, მერიის პოზიცია, რომ საცხოვრებელი განაშენიანების ზონაში რელიგიური ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ იყო, გაუმართლებელი და უსაფუძვლო ჩანდა. 2. ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის ფარგლებში წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან მერიამ არ გამოიკვლია ყველა საჭირო გარემოება, რომელიც მას ამ საქმეზე დისკრეციული უფლებამოსილების სამართლიანი გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა. მერიამ უგულებელყო მუსლიმი თემის მნიშვნელოვანი ინტერესი რელიგიის თავისუფლების ქვეშ და პრიორიტეტი მიანიჭა ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების აბსტრაქტულ ინტერესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ უზენაესმა სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ტერიტორიის გარშემო 7 უნებართვოდ აშენებული მართმადიდებლური ტაძრის არსებობას.

„უზენაესი სასამართლოს თქმით, ბათუმის მერია შეზღუდული იყო ზემოქმედება მოეხდინა მართლმადიდებლური ტაძრების უნებრთო მშენებლობებზე, რადგან სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არსებითად არასწორად განმარტა. აღნიშნული ჩანაწერი თავისი არსით ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ მომავალში შეძენელი ან აშენებულ რელიგიურ ნაგებობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არა მხოლოდ ბათუმში მუსლიმი თემის უფლებების, არამედ, ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რომლებიც ვიცავთ ააიპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს ამ დავაში, წარმოვადგენთ შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებებს და არგუმენტებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეხმარება სწორი სამართლებრივი დასკვნების გაკეთებაში.

ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ სააპელაციო სასამართლო შეძლებს სწორად შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, არ გააურესოს თანასწორობის უფლებასთან დაკავშრებით დადგენილი მნიშვნელოვანი სტანდარტები და დაიცვას მუსლიმი თემის უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.