თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასა და სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნები სკამებშია ჩაშენებული.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა ყველაფერი. ავრცელებდნენ კონკრეტულ ფოტომასალას და ხდებოდა დადანაშაულება დედაქალაქის მერიის, მუნიციპალიტეტის მერის, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ და საუბარი იყო იმაზე, რომ მერიამ განახორციელა ეს კონკრეტული პროექტი, თითქოს, დასასვენებელ სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები და გადავსებული [ურნების] ფოტომასალით იყო წარმოდგენილი.
ნუ ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტყუილია და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას. ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი, ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ ქალაქი.
ამ ორმა ახალგაზრდამ ამ შენობაში იჯარით აიღეს ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ, სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან რესტორნების გახსნას პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად ეს შესაძლებელი იქნება.
ამ ორმა ახალგაზრდამ მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, რომელთაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები.
პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს – „ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთეს?!“ – ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება თავისი მიწისქვეშა ურნებით… აბა რა, ახლა ის მოსწონდა ხალხს? ვირთხები, სუნი… ვიზუალურ მხარეზე არ ვსაუბრობ საერთოდ. აბა ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა?
თქვენ, ოპონენტები, სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი საქმეები – ცუდად, დახმარება არადახმარებად და ა.შ.
ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მოატყუოთ და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.
მედიასა და სოციალურ ქსელში გუშინ, 19 იანვარს გავრცელდა გოგებაშვილის ქუჩის ფოტოები, რომელზეც ასახული იყო მოსასვენებელ სკამებში ჩამონტაჟებულ ყუთებში ჩაყრილი ნაგავი. ფოტოსურათებს აღწერად დაერთო, რომ ეს არის მერიის პროექტი – სკამებში ნაგვის ურნებია ჩამონტაჟებული.