სხდომები მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას - ODIHR

პუბლიკა

„პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს კანონში ცვლილება ODIHR-ის 2019 წლის სამართლებრივი დასკვნის რეკომენდაციების მიხედვით (რომელიც არ გაუთვალისწინებია), რათა საკანონმდებლო ჩარჩო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს“, – წერს ODIHR ახალ ანგარიშში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეორე ანგარიში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესს 2019 წლის ივნისიდან დეკემბრამდე მოიცავს.

ODIHR წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა ახალ სამართლებრივ ჩარჩოს მიკერძოებული პოლიტიკის პრევენცია არ შეუძლია. ის არ იძლევა გარანტიას, რომ მიიღება ობიექტური გადაწყვეტილებები, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

ანგარიშის მიხედვით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს თან სდევდა პოლიტიკური კრიზისი და საკომიტეტო თუ პლენარული სხდომები მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას, რომ პროცესი ყოფილიყო ღია, ჰქონოდა საზოგადოების ნდობა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოში რჩება რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელიც საფრთხეს უქმნის დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს.

„მათ შორისაა ფარული კენჭისყრის გამოყენება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით არასრულფასოვნად გაწერილი დებულებები, თვითნებური გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გარანტიების არარსებობა, პარლამენტისთვის შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება და ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარანტიის ნაკლებობა“, – წერს ODIHR.

ODIHR  მონიტორების დაკვირვების საფუძველზე აკრიტიკებს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესსაც და წერს, რომ მათი ხანგრძლივობა და შეკითხვები, მათი დასმის მანერა განსხვავებული იყო სხვადასხვა მოსამართლესთან, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპებს.

ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მყოფ მოსამართლე წევრთა  და უმცირესობაში მყოფ არამოსამართლე წევრთა მწვავე დაპირისპირება. ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს სუსტად დარეგულირებული თვითაცილების მექანიზმი.

ანგარიშში გაკრიტიკებულია პარლამენტში მოსამართლეთა ნომინირების სისტემაც, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დასაბუთებული ახსნა-განმარტებების წარდგენას პარლამენტისთვის.

„კენჭისყრის შემდეგ ODIHR-მა გამოაქვეყნა, ნომინირების ეტაპთან დაკავშირებული ანგარიში, რომელმაც წარმოშვა მნიშვნელოვანი კითხვები პროცესის კეთილსინდისიერების შესახებ. აღნიშნული შეშფოთება გამოიხატებოდა იყო პროცესში დაინტერესებული როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული მხარის მიერ“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ODIHR წერს, იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტში მოსამართლეთა გასაუბრებები საჯაროდ და მეტ-ნაკლებად შეუფერხებლად გაიმართა, თუმცა ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხშირი დებატები და პროცედურულ ნიადაგზე არსებული კონფლიქტები. მათ აღნიშნეს, რომ თავმჯდომარე არ იყო თანმიმდევრული წესების გამოყენებისას და პროცესის მიმდინარეობისას შემოიღო ახალი პროცედურები.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ მოქალაქეთა კრიტიკა დაიმსახურა კანდიდატების იურიდიული განათლების დამოწმებაზეც. „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ვერ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა ყველა კანდიდატს დაეკმაყოფილებინა განათლების მინიმალური მოთხოვნა და საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო შესაბამისად, რამაც შეასუსტა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა“, – წერს ODHR.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო მოსმენები წარიმართა საკმაოდ მოწესრიგებულად, თუმცა მწვავედ, ხშირად კანდიდატებისადმი მიკერძოებული ან უპატივცემულო დამოკიდებულებით, კრიტიკული შეკითხვებით სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და რამდენიმე ინციდენტით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი ვერ შეძლო მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რიგი განცხადებები, კომენტარები და გაფრთხილებები, რომლებიც იყო მიკერძოებული და წესების დაცვა კი არათანმიმდევრული, უარყოფითად მოქმედებდა მის მცდელობაზე, შეენარჩუნებინა ნეიტრალურობა და ყოფილიყო სამართლიანი მონაწილე ყველა მხარის მიმართ“, – წერია ანგარიშში.

ODIHR წერს, რომ როცა 12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 14 კანდიდატის დანიშვნის რეკომენდაცია გასცა კენჭისყრის საფუძველზე, მასში თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა და კენჭისყრამდე არსებითი განხილვა ან კანდიდატების დამსახურების დასაბუთება არ ყოფილა.

„ამ მიდგომამ საფრთხე შეუქმნა გამჭვირვალე, დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს, ვერ უზრუნველყო ინფორმაციის მიწოდება პარლამენტისათვის და გაზარდა მიკერძოებული შეხედულებების საფუძველზე პლენარული კენჭისყრის წარმართვის რისკი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ODIHR-ის რეკომენდაციით, პარლამენტმა უნდა გაატაროს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეძლებს პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილებას და შეიმუშავებს შესაბამისობის კრიტერიუმებს. ასევე, შეცვლის ფარულ კენჭისყრას სრულიად გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესით.

ანგარიშში ასახული რეკომენდაციებით, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით უკეთ უნდა აირიდოს თავიდან პროცესში ინტერესთა კონფლიქტი, შექმნას უკეთესი გასაჩივრების უფლება.

ასევე, საჭიროა ინკლუზიური, ფართო და ეფექტიანი კონსულტაციების უზრუნველყოფა სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო სისტემაში სამართლებრივი რეფორმის ნებისმიერი ინიციატივის თაობაზე და მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.

ხოლო თუ პარლამენტი მაინც მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოთი იხელმძღვანელებს, ODIHR-ის მიხედვით, მათ უნდა უზრუნველყონ რეგულაციების და პროცედურების დამტკიცება, რომელიც ჩაანაცვლებს კანონის მთავარ ასპექტებს ნომინაციის და დანიშვნის პროცესში, მათ შორის კანდიდატის დამსახურების შეფასებას და მკაცრად შეაფასონ თითოეული კანდიდატი.

ასევე, უნდა უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის წესის მკაცრი ინტერპრეტაცია, შესაბამისი დროით ადრე ინფორმაციის გასაჯაროვება. ასევე, როგორც ODIHR წერს, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად სამართლებრივი ინსტრუმენტით უნდა დამტკიცდეს გასაუბრების სრულყოფილი, დეტალური პროცედურები და ქცევის კოდექსი; აღნიშნული უნდა გამოქვეყნდეს და სამართლიანად და თანმიმდევრულად იყოს გამოყენებული და მკაცრად დაცული.

ასევე ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭიროა:

„შესაბამისი ზომების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს უზენაეს სასამართლოში მრავალფეროვნებას, მათ შორის, ცნობილი და გამოცდილი დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიონალებისა და აკადემიკოსების დანიშვნას და უფრო მეტი ქალის, უმცირესობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობის გაზრდას“.

გაეცანით ODIHR-ის სრულ ანგარიშს ბმულზე;