„სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია“ - მელია მერაბიშვილის განცხადებებზე

პუბლიკა

„სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!“,- ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია facebook პოსტით ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

„ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად. სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ“,- წერს მელია.

ასევე facebook პოსტით მერაბიშვილს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. მან თქვა, რომ მერაბიშვილის სიტყვები „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“.

„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან,“ – დაწერა მამუკა ხაზარაძემ.

საუბარია 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გამართულ გლობალური ინიციატივის – SAVE MISHA-ს თემაზე გამართულ დისკუსიაზე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

მერაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა იქნება. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“. მისივე თქმით, აპირებენ აქციების გაგრძელებას 12 პუნქტის შესასრულებლად.

მერაბიშვილმა განცხადება თავადაც გაავრცელა სადაც აღნიშნა, რომ ის არ არის საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ არის ქვეყნის პატრიოტი და მისი სახელის „ თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.“ 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში „ქართული ოცნების“ კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი“,- წერს მერაბიშვილი.