სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა - კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სხვა შანსი იმისა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მიეღო, აღარ არსებობდა, სწორედ ამიტომ მიიღეს კანონი ვენეციის კომისიის შენიშვნების ჩამოსვლამდე. ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის განცხადებას გამოემხაურა.

„ჩვენც გამოვთქვით მწუხარება თავის დროზე იმის გამო, რომ არ ჩამოუსწრო საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნამ. ისინი საუბრობდნენ, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს. ჩვენ ავუხსენით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ვენეციის კომისიას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას, სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა. ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სათანადოდ გაგრძელდეს პროცესები სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია იყო და სამივე რეკომენდაცია სათანადოდ არის ასახული ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში“, – განაცხადა კობახიძემ.


ვენეციის კომისია დასკვნას აავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე“. როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში. კომისიის განცხადების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით წავიდა, როდესაც ფარული კენჭისყრა გააუქმა და უზრუნველყო, რომ ყველა ხმას თანდართული უნდა ჰქონოდა წერილობითი დასაბუთება, რაც ამასთანავე, საჯარო ინფორმაცია გახდა. თუმცა, ვენეციის კომისიის განმარტებით, ჯერ კიდევ რჩება ვენეციის კომისიის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც კანონში ასახული არ არის და შემდგომ მუშაობას საჭიროებს.